ბრიტანეთის პირველმა ტრანსგენდერმა მოსამართლემ უზენაესი სასამართლოს გენდერთან დაკავშირებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ სააპელაციო საჩივარი შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში

ვიქტორია მაკკლაუდი

დიდი ბრიტანეთის პირველმა ტრანსგენდერმა მოსამართლემ, ვიქტორია მაკკლაუდმა უზენაესი სასამართლოს გენდერთან დაკავშირებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ სააპელაციო საჩივარი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაკკლაუდს წარმოადგენენ დიდი ბრიტანეთის პირველი ღიად არაბინარული ადვოკატი და დიდი ბრიტანეთის პირველი შავკანიანი ტრანსგენდერი ადვოკატი.

აპრილში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ ტერმინები „ქალი“ და „სქესი“ თანასწორობის აქტში ბიოლოგიურ სქესს და არა შეძენილ გენდერს გულისხმობს.

ვიქტორია მაკკლაუდის ადვოკატებმა The Telegraph-ს განუცხადეს, რომ ის საქმის ხელახლა განხილვას ითხოვს, იმ მოტივით, რომ უზენაესმა სასამართლომ დაარღვია მე-6 მუხლით მინიჭებული უფლება სამართლიან განხილვაზე, ვინაიდან, უარი თქვა მოესმინა მისი და სხვა ტრანსგენდერი პირების ან ჯგუფების არგუმენტები.