ბოტულიზმის შესაძლო საფრთხე ბავშვთა კვებაში - FDA-მ გამოძიება დაიწყო

კვება

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA), ასევე, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) მშობლებს მოუწოდებს თავი შეიკავონ Nara Organics-ის Whole Milk Organic Infant Formula-ის გამოყენებისგან. 

ოფიციალური უწყებების ცნობით, ეს პროდუქტი, შესაძლოა, ჩვილებში ბოტულიზმის შემთხვევებს უკავშირდებოდეს. 

ამ ეტაპზე ბავშვთა ჰოსპიტალიზაციის 3 შემთხვევაა დაფიქსირებული. სამივე მათგანს მიღებული ჰქონდა Nara Organics-ის ჩვილთა ფორმულა. მათ ჩაუტარდათ  FDA-ის მიერ ჩვილთა ბოტულიზმისთვის დამტკიცებული სპეციფიკური მკურნალობა. გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. FDA-ის ინფორმაციით, გახსნილი ქილებისა და გაუხსნელი პროდუქტის ნიმუშების ტესტირება გრძელდება და შედეგები საჯარო მომდევნო კვირების განმავლობაში გახდება. FDA-სა და CDC-ის წარმომადგენლები საზოგადოებას ურჩევენ გამოძიების დასრულებამდე, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პროდუქტის გამოყენება. 

CDC და FDA მშობლებს აფრთხილებენ, რომ ბოტულიზმის სიმპტომები, შესაძლოა, ფორმულის მიღებიდან რამდენიმე კვირის შემდეგაც დაიწყოს. საყურადღებო ნიშნებია: ყაბზობა, უმადობა, თავის კონტროლის დაკარგვა, ყლაპვის გაძნელება, სახის გამომეტყველების შემცირება, მოდუნება, სისუსტე და სუნთქვის გაძნელება. თუ ჩვილმა მიიღო აღნიშნული ფორმულა და ეს ნიშნები გამოჩნდა, საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარების ძებნა.