Bloomberg: ევროპა აღიარებს კრიტიკულ სამხედრო ხარვეზებს და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის აშშ-ზეა დამოკიდებული

შეიარაღება

ევროპა აღიარებს კრიტიკულ სამხედრო ხარვეზებს და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის აშშ-ზეა დამოკიდებული, - წერს საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი.

ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ ამერიკის მხარდაჭერის გარეშე კონტინენტი ვერ უზრუნველყოფს ვერც უკრაინის უსაფრთხოებას და ვერც საკუთარ თავდაცვას რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის ფონზე.

ევროპის ქვეყნები, რომლებიც საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების შეზღუდულობას აღიარებენ, მოუწოდებენ აშშ-ს, დარჩეს თავდაცვის სფეროში საკვანძო პარტნიორად.

ყველაზე დიდი პრობლემებია კოსმოსური დაზვერვის, ასევე ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ნაკლებობა, - ნათქვამია სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) ანგარიშში.

ვაშინგტონი უზრუნველყოფს ნატოს სადაზვერვო და სათვალთვალო რესურსების, მათ შორის თანამგზავრების, დიდ ნაწილს. ამ შესაძლებლობების ჩანაცვლება ევროპას დაახლოებით 4.8 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

„ეს შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს, რადგან... თვალების გარეშე ბრმა ხარ“, - განაცხადა ვერონიკა სტრომსიკოვამ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების საკითხებში დირექტორმა.

ევროპელებს ასევე არ აქვთ საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც ბალისტიკური რაკეტების ჩაჭრა შეუძლიათ. თითქმის მთლიანად ამ ამოცანას ამერიკული „პატრიოტის“ კომპლექსები ასრულებენ.

პრაღის თავდაცვის სამიტზე ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა ხუთჯერ უნდა გაზარდონ საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.

„მხოლოდ ფული ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ჩვენ გვჭირდება შესაძლებლობები: რეალური ძალა, მძიმე შეიარაღება, ასევე ახალი ტექნოლოგიები“, - ხაზგასმით აღნიშნა რუტემ.

თავდაცვის ხარჯების ზრდის მიუხედავად, ევროპელი ლიდერები აღიარებენ - კონტინენტი დამოუკიდებლად ვერ აიძულებს კრემლს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.

„ამ ეტაპზე ჩვენ ვერ შევძლებთ საკმარისი ზეწოლა მოვახდინოთ პუტინზე, რომ მან ეს ომი შეაჩეროს. ჩვენ დამოკიდებული ვართ ამერიკულ დახმარებაზე“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.