ათობით ბავშვმა სახისა და გულ-მკერდის არეში დამწვრობა მიიღო - საფრთხის შემცველი ახალი ტრენდი სოციალურ ქსელში

Toys

სოციალურ ქსელ TikTok-ზე  ახალი საფრთხის შემცველი ტრენდი ვრცელდება. უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  ბავშვები მიკროტალღურ ღუმელში ანტი-სტრეს სათამაშოებს (ე.წ. სქუიშებს) აცხელებენ, რის შემდეგაც რეზინის სათამაშო ფეთქდება და არასრულწლოვნები სახეზე მძიმე დამწვრობებს იღებენ.


გამოცემა “დეილი მეილის” ცნობით, ისინი ე.წ. სქუიშებს ღუმელში 30 წამის განმავლობაში ათავსებენ. ყველაზე გავრცელებული ე.წ. NeeDoh-ის, კუბის ფორმის, რეზინის,  სათამაშოა, რომელიც გელითაა დამზადებული. გაცხელების შემდეგ გელი მდუღარე სითხედ იქცევა და ფეთქდება. ცხელი მასა  ბავშვებს სახისა და გულ-მკერდის არეში ხვდება, რაც ძლიერ დამწვრობას იწვევს.


გამოწვევა ინტერნეტსივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რის გამოც  კლინიკებში დამწვრობით ათობით მოზარდია გადაყვანილი.

გამოცემა “დეილი მეილის” ინფორმაციით, 9 წლის ბავშვმა სახეზე მძიმე დამწვრობა მიიღო, 7 წლის ბავშვი კი მესამე ხარისხის დამწვრობით კომაში იმყოფება.


ტენესის შტატის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლის თქმით, ასეთი ტიპის სათამაშოები გაცხელებისთვის არ არის განკუთვნილი. მათი არასწორი გამოყენება კი შეიძლება ტრაგიკული შედეგით დასრულდეს.

ექსპერტები მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, აუცილებელია ბავშვებმა ტიკ-ტოკ ტრენდის სავალალო შედეგების შესახებ იცოდნენ.