აშშ-მა სანქციები დაუწესა 35 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც, ამერიკული მხარის განცხადებით, თეირანს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებოდნენ

sanqcia

აშშ-მა სანქციები დაუწესა 35 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც, შტატების თქმით, თეირანს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებოდნენ.

ამერიკული მხარის განცხადებით, აღნიშნული პირები და კომპანიები ირანს „ჩრდილოვანი საბანკო სისტემის“ შექმნაში ეხმარებოდნენ, რომლის მეშვეობითაც თეირანმა ათობით მილიარდი დოლარი მიიღო.

ამასთან, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი აფრთხილებს ნებისმიერ კომპანიას, რომელიც ირანის მთავრობას ან „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ რაიმე სახის დახმარებას გაუწევს, რომ მკაცრი სანქციების წინაშე აღმოჩნდება.

„ირანის ჩრდილოვანი საბანკო სისტემა მისი შეიარაღებული ძალებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რაც ხელს უშლის გლობალურ ვაჭრობას და ხელს უწყობს ძალადობას ახლო აღმოსავლეთში. ამ ქსელის მეშვეობით გადაადგილებული უკანონო ფინანსები მხარს უჭერს რეჟიმის მიმდინარე ტერორისტულ ოპერაციებს, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის აშშ-ის პერსონალს, რეგიონულ მოკავშირეებსა და გლობალურ ეკონომიკას“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.