აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ ირანი

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

როგორც მედია წერს, სანქციები მიმართულია კომპანიებისა და ხომალდების ქსელის წინააღმდეგ, რომლებიც ჩართული არიან ირანული ნავთობის ტრანსპორტირებასა და გაყიდვაში.

კერძოდ, ახალი სანქციები ეხება 13 ორგანიზაციას, რომლებიც განლაგებულია ჰონგ-კონგში, ჩინეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და მარშალის კუნძულებზე, ასევე რვა ხომალდს.

ამასთან, სანქციები დაუწესდა საბერძნეთის მოქალაქე ანტონიოს მარგარიტისს და მის კომპანიებსა და ხომალდების ქსელს, რომლებიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ჩართული იყვნენ ირანული ნავთობის ტრანსპორტირებაში სანქციების გვერდის ავლით.

„დღევანდელი ღონისძიებები მარგარიტისისა და მისი ქსელის წინააღმდეგ ასუსტებს თეირანის უნარს, დააფინანსოს თავისი თანამედროვე შეიარაღების განვითარების პროგრამები, მხარი დაუჭიროს ტერორისტულ ჯგუფებს და საფრთხე შეუქმნას ჩვენი ჯარისა და მოკავშირეების უსაფრთხოებას”,- განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტმა.