აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი - ვამაყობთ, რომ ერთად ვდგავართ, რათა ჩარლი კირკის ოჯახისთვის სამართლიანობა აღვადგინოთ, 33 საათში ჩვენ ისტორიულ პროგრესს მივაღწიეთ

აშშ

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი, კეშ პატელი აცხადებს, რომ ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელი ტაილერ რობინსონი გასროლიდან, დაახლოებით, 33 საათის შემდეგ დააკავეს.

„აი, რა ხდება, როდესაც კარგ პოლიციელებს პოლიციელებად ყოფნის საშუალებას აძლევ. ვამაყობთ, რომ ერთად ვდგავართ აქ, რათა ჩარლი კირკის ოჯახისთვის სამართლიანობა აღვადგინოთ და მის ხსოვნას პატივი მივაგოთ. დაახლოებით 33 საათში ჩვენ ისტორიულ პროგრესს მივაღწიეთ“, – განაცხადა პატელმა.

FBI-ის დირექტორი პრესკონფერენციაზე ემოციურობით გამოირჩეოდა.

„ჩემს მეგობარს, ჩარლი კირკს: მშვიდად განისვენე, ძმაო. ვალჰალაში შევხვდებით“, – ასე გამოემშვიდობა კეშ პატელი გარდაცვლილ ჩარლი კირკს.

ცნობისთვის, 22 წლის ტაილერ რობინსონი 12 სექტემბერს დააკავეს. იუტის გუბერნატორის, სპენსერ კოქსის განცხადებით, დაკავებულის ოჯახის წევრი დაუკავშირდა ოჯახის მეგობარს, რომელმაც შერიფს მიაწოდა ინფორმაცია, რომ რობინსონმა დანაშაული აღიარა. ამასთან, იუტის გუბერნატორის, კოქსის განცხადებით, იარაღთან ერთად, ნაპოვნია გრავირებული ვაზნები, ხოლო ტყვიებზე აღმოჩენილ წარწერებს შორისაა: „ჰეი, ფაშისტებო, დამიჭირეთ“, „ბელა ჩაო, ბელა ჩაო, ბელა ჩაო, ჩაო, ჩაო“ და „თუ ამას კითხულობ, გეი ხარ“. კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, 10 სექტემბერს დაიღუპა.