არქტიკა იქცა ერთ-ერთ ადგილად, სადაც გეოპოლიტიკის ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ეჯახება, ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს დანიის სამეფოსა და გრენლანდიის ხალხს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ურსულა ფონ დერ ლაიენმა მხარი დაუჭირა გრენლანდიის ტერიტორიულ მთლიანობას და განააცხადა 200 მილიონი ევროს საინვესტიციო პაკეტი, რომელიც დონალდ ტრამპის მხრიდან კუნძულზე განხორციელებულ ზეწოლასთან გამკლავებას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს. როგორც „ევრონიუსის“ სტატიაშია ნათქვამი, აშშ-ის პრეზიდენტი არაერთხელ დაიმუქრა გრენლანდიის ანექსიით.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა, არქტიკულ კუნძულზე ვიზიტისას განაცხადა, რომ ევროკავშირი მომდევნო ორი წლის განმავლობაში გრენლანდიაში დამატებით 200 მილიონ ევროს ჩადებს, რათა გააღრმაოს ეკონომიკური კავშირები და ხელი შეუწყოს ნედლეულის მოპოვებას.

„ჩვენ ვიცით, რომ არქტიკა იქცა ერთ-ერთ ადგილად, სადაც გეოპოლიტიკის ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ეჯახება, ამიტომ ჩვენ უშუალოდ ვართ დაინტერესებული იმით, რაც აქ ხდება“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა​.

ევროკომისიის პრეზიდენტმა გრენლანდიაში ვიზიტი გამოიყენა იმისთვის, რომ გრენლანდიის მიმართ ევროპის მხარდაჭერა დაეფიქსირებინა იმ ფონზე, რასაც მან „უზარმაზარი ზეწოლა“ უწოდა, თუმცა ტრამპის სახელი პირდაპირ არ უხსენებია.

„ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს დანიის სამეფოსა და გრენლანდიის ხალხს. ჩვენ ასე გაგრძელებას ვაპირებთ. და გვინდა, აქ კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადოთ: გრენლანდიის მომავალს გრენლანდიის ხალხი და დანია გადაწყვეტენ. სხვა არავინ“, – განაცხადა ფინ დერ ლაიენმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, საზღვრების ხელშეუხებლობა – ეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებია“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მის გვერდით მყოფმა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსონმა და დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ფონ დერ ლაიენს მისი განცხადებებისთვის მადლობა გადაუხადეს.

„გრენლანდიას სჭირდება ევროკავშირი და ევროკავშირს სჭირდება გრენლანდია“, – განაცხადა ნილსონმა.

ცნობისთვის ევროკავშირის მიერ გამოცხადებული 200-მილიონი ევროს ღირებულების საინვესტიციო პაკეტი სამ ძირითად მიმართულებაზე გადანაწილდება: ციფრული კავშირების განვითარებაზე, მათ შორის წყალქვეშა კაბელებსა და სატელიტურ ინფრასტრუქტურაზე; სუფთა ენერგიაზე, განსაკუთრებული აქცენტით ჰიდროენერგეტიკაზე და კრიტიკული მნიშვნელობის ნედლეულის მდგრად მოპოვებაზე. „ევრონიუსის“ მიხედვით, გრენლანდიაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი 34 მინერალიდან 25 მოიპოვება. ამ მინერალებს ბრიუსელი განახლებადი ენერგიის სისტემებისა და უახლესი ტექნოლოგიების საკუთარი ძალებით განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან რესურსად მიიჩნევს. თუმცა, კუნძულზე სამთო მოპოვების სექტორი ჯერ კიდევ არააა სათანადოდ განვითარებული. მკაცრი კლიმატური პირობების გამო ინვესტორები ძვირადღირებული პროექტების განხორციელებას ერიდებიან.

„ევრონიუსი“ ასევე წერს, რომ ევროკომისია მუშაობს არქტიკის სტრატეგიის განახლებაზეც და ევროკავშირის მომდევნო ბიუჯეტის პროექტში გრენლანდიისთვის კონკრეტულად 530 მილიონი ევროს გამოყოფა აქვს გათვალისწინებული.