ანდრეი სიბიგა დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, კოლექტიური უსაფრთხოებისთვის​ გამოიყენენ საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის თავზე სამიზნეების ჩამოსაგდებად

ანდრეი სიბიგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, გამოიყენენ საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის თავზე სამიზნეების ჩამოსაგდებად კოლექტიური უსაფრთხოებისთვის. ამის შესახებ ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ში დრონებით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ დაწერა.

„უკრაინაზე მასირებული თავდასხმის დროს პოლონეთში რუსული დრონების ფრენა აჩვენებს, რომ პუტინის დაუსჯელობის განცდა სულ უფრო იზრდება, რადგან ის სათანადოდ არ დაისაჯა წინა დანაშაულებისთვის. პუტინი უბრალოდ აგრძელებს ესკალაციას, აფართოებს თავის ომს და გამოცდას უწყობს დასავლეთს. რაც უფრო დიდხანს არ შეხვდება მას ძლიერი პასუხი, მით უფრო აგრესიული გახდება ის. ახლა სუსტი რეაგირება მოახდენს რუსეთის უფრო მეტად პროვოცირებას და შემდეგ რუსული რაკეტები და დრონები კიდევ უფრო შორს გაფრინდებიან ევროპაში. ეს ვითარება აჩვენებს, რომ საბოლოოდ უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება, რათა შესაძლებელი იყოს პარტნიორების საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები მეზობელ ქვეყნებში გამოყენება უკრაინის საჰაერო სივრცეში დრონებისა და რაკეტების წინააღმდეგ, მათ შორის ნატო-ს საზღვრებთან მიახლოებული. უკრაინა დიდი ხანია გამოდის ასეთი ნაბიჯის ინიციატივით. ეს უნდა იქნას მიღებული კოლექტიური უსაფრთხოების მიზნით“, – წერს სიბიგა.

უკრიანელი დიპლომატი ასევე მოუწოდებს პარტნიორებს, სასწრაფოდ გააძლიერონ უკრაინის საჰაერო თავდაცვა და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

„პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებს მხოლოდ მაშინ მიუდგება სერიოზულად, როდესაც სერიოზული ტრანსატლანტიკური ზეწოლის წინაშე აღმოჩნდება. რუსული საომარი მანქანა უნდა შეჩერდეს და მისი შეჩერება მხოლოდ ძალით შეიძლება და არა სისუსტით“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში ქვეყნის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევის შესახებ განაცხადეს. პოლონეთის არმიის ოპერაციული სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად მოხდა პოლონეთის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა დრონის ტიპის ობიექტებით“.