ეროვნული არქივის დიგიტალიზაციის პროექტის ფარგლებში 1 500 000-მდე დოკუმენტი გაციფრულდა

ეროვნული არქივი

საქართველოს ეროვნულ არქივში 2025 წლის 6 თვეში საარქივო დოკუმენტების 1 500 000-მდე ფურცელი, 250 კინოდოკუმენტი, 6 035 ფოტო და 150 ფონოდოკუმეტი გაციფრულდა.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, დიგიტალიზაციის პროექტის ფარგლებში, რომელიც ეროვნულ არქივში 2013 წლიდან ხორციელდება, საარქივო დოკუმენტების ციფრულ მატარებელზე გადატანა მიზნად ისახავს დოკუმენტების დედნების ფიზიკური დაზიანებისგან დაცვასა და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს და ეროვნული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ხელნაწერი დოკუმენტების გაციფრულება უკონტაქტო სკანერით ხდება, კინოდოკუმენტების მაღალი ხარისხით გაციფრულების მიზნით კი, ეროვნულ არქივში კინოფირების ციფრულ მატარებელზე გადატანა 4K გარჩევადობის კინოსკანერით მიმდინარეობს.

დოკუმენტების დიგიტალური ვერსიების გამოყენებით, ამავე პერიოდში, ეროვნული არქივის ვებგვერდზე შეიქმნა 5 მულტიმედიური გვერდი: „დოდო აბაშიძე – 100“, „ეროსი მანჯგალაძე - 100“, „კახი კავსაძე - 90“, „ტიციან ტაბიძე - 130“, ასევე ფოტოგრაფ დიმიტრი მძინარიშვილის ფოტოკოლექცია.