როგორ იღებს ადამიანი გადაწყვეტილებას - მეცნიერებმა "ლოგიკის ცენტრი" აღმოაჩინეს

ტვინი

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ტვინის ის რეგიონი, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უნარზე, გაუმკლავდეს ახლად გაჩენილ პრობლემებს. მკვლევრებმა ეს ტვინის დაზიანების მქონე პაციენტების შესწავლისას შეძლეს.

მეცნიერებმა, ლონდონის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ეროვნული ჰოსპიტლის ექსპერტების ხელმძღვანელობით, 247 პაციენტის ტვინი შეისწავლეს, რომლებსაც დაზიანებები ინსულტისა და სიმსივნის შედეგად ჰქონდათ მიღებული. მათ ეს მონაცემები 81 ისეთი ადამიანის ტვინს შეადარეს, რომლებსაც მსგავსი დაზიანებები არ გააჩნდათ.

UCL Queen Square-ის ნევროლოგიის ინსტიტუტის მკვლევრების თქმით, კვლევამ გამოავლინა ტვინის ძირითადი რეგიონები, რომლებიც აუცილებელია ლოგიკური აზროვნებისთვისა და პრობლემების გადასაჭრელად.

მკვლევრებმა შეიმუშავეს ახალი ტესტები მსჯელობის უნარების შესაფასებლად. ტესტები მოიცავდა ვერბალური მსჯელობის ამოცანებსა და დედუქციურ მსჯელობას, სადაც ადამიანები იყენებენ სურათებს, ფორმებსა და რიცხვებს დავალებების გადასაჭრელად.

ტესტებში შედეგები დაკავშირებული იყო ე.წ. "დაზიანებების დეფიციტის რუკასთან" (lesion-deficit mapping) — ინსტრუმენტთან, რომელიც გამოიყენება იმის დასადგენად, თუ ტვინის რომელი უბანი (დაზიანების მიღების შემთხვევაში) იწვევს კონკრეტულ პრობლემას.

ტვინის მარჯვენა შუბლის წილის დაზიანების მქონე ადამიანებს ბევრად უფრო გაუჭირდათ დავალებებისთვის თავის გართმევა, ვიდრე სხვა დაზიანებების მქონე პირებს. მათ დაახლოებით 15%-ით მეტი შეცდომა დაუშვეს. ეს ნიშნავს, რომ ტვინის მარჯვენა შუბლის წილი გადამწყვეტ როლს თამაშობს ახალი და უცნობი პრობლემების გადაჭრისას.

კვლევის წამყვანმა ავტორმა, დოქტორ ჯოზეფ მოლმა თქვა, რომ ისინი იკვლევდნენ თუ როგორ ეხმარება ტვინის მარჯვენა შუბლის წილი ადამიანებს იფიქრონ უკეთ და გადაჭრან ახალი პრობლემები. მისი თქმით, ეს კვლევა პაციენტებს შედეგების გაუმჯობესებაშიც დაეხმარება.

დასკვნები აჩვენებს მჭიდრო კავშირს მარჯვენა ფრონტალურ ტვინის წილსა და შუბლის ტვინის ქსელს შორის. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სწორედ ეს უბნები ასრულებს გადამწყვეტ როლს პრობლემების გადაჭრისას — როდესაც ადამიანი რთულ დავალებას უმკლავდება.

მკვლევრების თქმით, სწორედ აქ "იბადება გადაწყვეტილება" და ეს ტვინის ერთგვარი "ლოგიკის ცენტრია".

წყარო