1779434747
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს - რობერტო კლაუდიო სორმანს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს - რობერტო კლაუდიო სორმანის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა „ადამიანური კაპიტალის“ პროგრამის ფარგლებში სოციალური დაცვის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ პროგრამის მიზანია სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება და მოსახლეობისთვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის - ირინე წაქაძის განცხადებით, პროგრამის პირველი ეტაპი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციისთვის განაცხადის წარდგენის პროცესის გამარტივებას ისახავს მიზნად. კერძოდ, პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ოჯახები განაცხადის შეტანას ონლაინ - ელექტრონული სისტემის მეშვეობით შეძლებენ.
ახალი სისტემა ხელმისაწვდომი იქნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც. ამასთან, 1-ელი ივლისიდან, 60 დღემდე შემცირდება საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადაც, რაც შესაძლებლობას მისცემს ოჯახებს, რომ მიიღონ ფინანსური დახმარება უფრო სწრაფად.
ადამიანური კაპიტალის პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება, მოიცავს ჯანმრთელობის, განათლებისა და სოციალური დაცვის მიმართულებებს. პროგრამა 2022 წლის ივნისიდან მიმდინარეობს და 2028 წლამდე გაგრძელდება.












