1 ოქტომბერი - ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა

ხანდაზმულთა დღე

თარიღთან დაკავშირებით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ მოადგილეებთან ერთად წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში მცხოვრები ხანდაზმულები მოინახულა და სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას გაეცნო.

სამედიცინო აქცია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. მისი მიზანი ხანდაზმულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, მათი საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი სამედიცინო კონსულტაციების ადგილზე უზრუნველყოფა იყო.

აქციის ფარგლებში, ბენეფიციარებმა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ნევროლოგის, გასტროენტეროლოგის, ორთოპედ-ტრავმატოლოგის, დერმატოლოგის, რადიოლოგისა და ოფთალმოლოგის კონსულტაციები მიიღეს. საჭიროების შემთხვევაში, მათ შესაბამისი დამატებითი სამედიცინო მომსახურებაც გაეწიათ.

ხანდაზმულების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძეც შეუერთდა და აქციის ფარგლებში მიღებული მომსახურების თაობაზე ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში მცხოვრები ხანდაზმულებისგან მოისმინა ინფორმაცია.

აჭარის რეგიონში, სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული არაერთი მიზნობრივი პროგრამა ხორციელდება. მათი მთავარი მიზანია ხანდაზმულებისთვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და საჭიროებების შესაბამისად მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

ამ მიმართულებით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. პროგრამები მოიცავს: 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 5 000 ლარის ოდენობით, ხანდაზმულთა გადაადგილებისა და სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფას, სმენადაქვეითებული მოქალაქეების სმენის აპარატებით უზრუნველყოფას, ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფას, ოსტეოპოროზის სკრინინგს და სხვა საჭირო სერვისებს.

გარდა მიზნობრივი პროგრამებისა, ხანდაზმულები სამინისტროს არაერთი პროგრამის პრიორიტული მოსარგებლეები არიან.

✕