სად არის ტაძარი, რომელიც დედებს და ექიმებს აბორტის სინანულმა ააშენებინა

temple

"მხოლოდ საქართველოში" -  ამ სათაურით მამა გაბრიელის სულიერი შვილი, ოთარ ნიკოლაიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ინფორმაციას იმ ტაძრის შესახებ, რომელიც აბორტის გამკეთებელი მშობლებისა და ექიმების შემოწირულებით აშენდა.

ყოვლად წმინდა სამების სახელობის ტაძარი ხუდადოვის ტყის მიმდებარედ, ტუბერკულოზის ინსტიტუტის მოპირდაპირედ მდებარეობს. ტაძარი, რომლის მშენებლობა ისტორიულ მოვლენად ფასდება, საჭიროებს მოხატვას, გალავნის აშენებას, ეზოს განაშენიანებას... ამაში მონაწილეობის მიღება კი შეუძლია ყველას, უპირველესად კი, ბუნებრივია, იმ დედებს, ვინც აბორტის გამო დიდ სინანულს ატარებს.

ოთარ ნიკოლაიშვილი: მუცლად მოწყვეტილ ყრმათა მშობლებისა და ამ ცოდვის აღსრულებაში მონაწილე ექიმების შემოწირულებით, თბილისში, კათოლიკოს პატრიარქის ილია ll-ის ლოცვა კურთხევით, აშენდა ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი.

როგორც საპატრიარქოს უწყებანშია აღნიშნული( N18 გვ.18-19 2022წ), ეს არის ისტორიული მოვლენა. ქრისტიანობის 20-საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ასეთი ტაძარი, ასეთი მნიშვნელობით არასოდეს არსად აშენებულა.

ამ ტაძრის მშენებლობას საფუძვლად უდევს უდიდესი სინანული და უდიდესი იმედი. უდიდესი სინანული იმ საშინელი ცოდვის გამო, რომელსაც სამედიცინო ენაზე აბორტი ეწოდება; და უდიდესი იმედი ღვთის მოწყალებისა, რადგან ქრისტიანული სწავლებით, არ არსებობს ცოდვა უფლის მოწყალებას რომ აღემატებოდეს, თუ კი ადამიანს ექნება თავისი ცოდვის შესატყვისი ღრმა სინანული. ჩვენმა პატრიარქმა ერთ-ერთ ეპისტოლეში ბრძანა: "სინანული ღვთის მსჯავრსაც ცვლის, თუ იგი იქნება ჩადენილი ცოდვის შესაბამისი".

აბორტს ქრისტეს ეკლესია განიხილავს, როგორც მომაკვდინებელ ცოდვას, რადგან რეალურად ეს გახლავთ დედათა მიერ მუცლად მყოფ შვილთა განზრახ მკვლელობა, ამას მეორე დიდი ცოდვაც ემატება, ისინი მოუნათლავნი მიდიან იმქვეყნად.

ეს ტაძარი, თავის მხრივ, მომავალ თაობებს ყოველთვის შეახსენებს, რომ მსგავსი ცოდვა არ ჩაიდინონ.

ტაძარი მდებარეობს ხუდადოვის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტუბერკულოზის ინსტიტუტის პირდაპირ.

აქ კიდევ ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი, მოსახატია ტაძრის კედლები, გასაკეთებელია გალავანი, უნდა განაშენიანდეს ტაძრის ეზო, რათა ედემის ბაღს დაემსგავსოს იქაურობა. იგეგმება დედათა მონასტრის გახსნა.

ვინაიდან მუცლად მოწყვეტილი ბავშვები უნათლავნი აღესრულნენ, მათი მოხსენიება მხოლოდ პირად ლოცვებში შეიძლება, ამასთანავე ყოველდღიურად მოხდება ამ ბავშვების სახელზე უპოვარი ადამიანების დაპურება.

ყველა იმ მონანულ ქრისტიანს, ვისაც ამ საშინელ ცოდვაში წვლილი მიუძღვის დედა იქნება, რჩევის მიმცემი, თუ მედიკოსი, მოიხსენიებენ ყველა საღვთო ლიტურგიაზე. ცოცხლებსაც და მიცვალებულებსაც.

წირვა-ლოცვა შაბათ-კვირასა და დიდ დღესასწაულებზე აღესრულება. ხუთშაბათობით ჩატარდება პარაკლისი უძლურებაში მყოფთათვის, კვირას, 3 საათზე კი პარაკლისი ამ ცოდვის ჩამდენ პირთათვის.

უღრმესი მადლობა ამ ტაძრის აშენების ინიციატორს, საპატრიარქოს არქივის დირექტორს, ქალბატონ მზია კაცაძეს, რომლის საუბარიც აქ შემოკლებითაა გადმოცემული. ასევე დიდი მადლობა ტაძრის მშენებლობაში მონაწილე ყველა პიროვნებას.

უფალმა ინებოს ყველას გამოგვესყიდოს ჩვენი ცოდვები.

ზემოთ ნახსენებ მშობლებში ის მამებიც იგულისხმება, რომელთაც წინააღმდეგობის ნაცვლად, ხშირად თვითონ მიჰყავთ ქალი გინეკოლოგთან, იხდიან თანხას და ამ ცოდვის თანამონაწილეობით იწოდებიან მკვლელ მამებად. ამდენად ამ ცოდვის მოსანანიებლად ყველას ჯეროვანი სინანული გვმართებს... ნახეთ ვრცლად