თბილისის N50 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

თბილისის N50 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია


ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის N50 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოებს ახორციელებს. სკოლა ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

სკოლის შენობის აღდგენის შედეგად, 900 მოსწავლისთვის შეიქმნება უსაფრთხო, კომფორტული და მათ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.
სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში მაქსიმალურად შენარჩუნდება შენობის ისტორიული იერსახე როგორც ინტერიერში, ისე ექსტერიერში. რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი შესაბამისი დარგის ექსპერტები, რათა შენარჩუნდეს ნაგებობის ავთენტური სახე და ისტორიული ღირებულება.

თბილისის N50 საჯარო სკოლის შენობა ძველი თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ნაგებობაა, რომელიც თბილისის მოდერნული არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშთა შორის არის.  ისტორიული წყაროების მიხედვით, სწორედ ამ შენობაში 1918–1921 წლებში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, ფუნქციონირებდა საფრანგეთის საელჩო. საბჭოთა ოკუპაციამდე იგი დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. გამორჩეული, მაღალმხატვრული ღირებულების არის როგორც თავად ნაგებობის ფასადი, ასევე ინტერიერი, რომლის დაფარული,  დეკორატიული შემკულობაც ბოლოდროინდელმა სარესტავრაციო სამუშაოებმა გამოავლინა. ნაგებობა ქალაქის ისტორიული მეხსიერების უმნიშნელოვანესი ძეგლია, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება, ხოლო პროექტის ღირებულება 11.8 მილიონ ლარს შეადგენს.სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2027 წლის ბოლოს არის დაგეგმილი.