რა შემთხვევაში მოიხსნება აბიტურიენტი გამოცდიდან და რა მიზეზებით შეიძლება, არ გასწორდეს მისი ნაშრომი - დეტალები

გამოცდები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები გვიახლოვდება და აბიტურიენტებს, როგორც წესი, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა აქვთ.  ის, თუ რა წესები უნდა დაიცვან მათ გამოცდის მიმდინარეობისას და რა შემთხვევაში მოიხსნებიან გამოცდიდან, დეტალურად აბიტურიენტთა ცნობარში წერია:

გაითვალისწინეთ, რომ აბიტურიენტი გაფრთხილების გარეშე იხსნება გამოცდიდან:

  • ლექსიკონის, დამხმარე მასალის, მობილური ტელეფონის, ელექტრო საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული აპარატურის აღმოჩენისას (თუნდაც ელექტრონული ხელსაწყო გამორთული იყოს);
  • წესრიგის უხეში დარღვევის, ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის, ან სხვა მსგავს შემთხვევაში;
  • ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.

ჩამოთვლილის გარდა, ნებისმიერი სხვა წესის დარღვევისას აბიტურიენტი იღებს გაფრთხილებას. განმეორებითი გაფრთხილების მიღების შემდეგ დამკვირვებელი ვალდებულია აბიტურიენტი მოხსნას გამოცდიდან.

ნაშრომი არ გასწორდება, თუ:

  • პასუხების ფურცელი ან შტრიხკოდი დაზიანებულია;
  • აბიტურიენტი საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ ჩააბარებს პასუხების ფურცელს;
  • პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.
  • აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება აბიტურიენტის ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე.

გახსოვდეთ, არ შეიძლება:

  • პასუხების ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება, დაზიანება და ა. შ.;
  • გამოცდის მიმდინარეობისას აბიტურიენტების ერთმანეთთან გადალაპარაკება;
  • დახმარების მცდელობა ან სხვა პირისაგან დახმარების მიღება;
  • დახმარების აღმოჩენის/მიღების ან საუბრის შემთხვევაში აბიტურიენტი მიიღებს გაფრთხილებას (გაითვალისწინეთ, რომ განმეორებითი გაფრთხილების შემთხვევაში აბიტურიენტი იხსნება გამოცდიდან).