1778915325
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორად ვახტანგ ცაგარელი დაინიშნა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორის პოზიციაზე ვახტანგ ცაგარელი დაინიშნა. ვახტანგ ცაგარელი, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის რანგში წარმატებით უძღვებოდა უნივერსიტეტის აკადემიურ პროცესებს და, ამავდროულად, ხელმძღვანელობდა
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს.
მან, როგორც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ პროექტების დირექტორმა, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა KIU-ს კონცეფციის შემუშავებასა და მისი ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობის
პროცესში.
ვახტანგ ცაგარელს წარჩინებით აქვს დამთავრებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფლობს ფიზიკის მაგისტრის ხარისხს ნახევარგამტარებისა და მყარი სხეულის ფიზიკის
სპეციალობით. თსუ-ს დასრულების შემდეგ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაემგზავრა გერმანიაში, ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც გაიარა სასწავლო კურსი გამოყენებითი ელექტროდინამიკის მიმართულებით.
2006-2007 წლებში იმყოფებოდა ჩრდილოეთ კაროლინისა და მასაჩუსეტსის შტატებში (აშშ). Research Triangle Park-სა და ჩრდილოეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით დაასრულა ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების პროგრამა, ხოლო მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონში
გავლილი აქვს სატელეკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპრეს პროგრამა. სასწავლო კურსით ასევე იმყოფებოდა ჩეხეთში, პრაღის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში, რის შემდეგ კარიერული განვითარება კვლავ განაგრძო შეერთებულ შტატებში.
მან ბოსტონის მასაჩუსეტსის გენერალურ ჰოსპიტალში (MGH) დაასრულა უმაღლესი დონის სამედიცინო-რადიაციული უსაფრთხოების სასწავლო კურსი, მსოფლიოს წამყვანი ჰარვარდის სამედიცინო სკოლის (Harvard Medical School) მხარდაჭერით. არის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) SEEIST
პროგრამის წარმომადგენელი საქართველოში. გავლილი აქვს ევროპის მენეჯმენტის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების კურსი.
ვახტანგ ცაგარელი, როგორც ახალგაზრდა მკვლევარი, მეცნიერი და პროექტ მენეჯერი, სხვადასხვა დროს მუშაობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში, კომერციულ კომპანიებში. იყო ინტერნეტ პროვაიდერ „Geonet“-
ის ტექნიკური დირექტორი, ტექნოლოგიური კომპანია INT Communications-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი. 2008-2016 წლებში იგი მუშაობდა ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტში – Huawei, სადაც იკავებდა საქართველოს
წარმომადგენლობის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელისა და დირექტორთა საბჭოს წევრის პოზიციას.
2017 წლიდან პროექტების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში – „ქართუ“, რის პარალელურად ხელმძღვანელობდა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქსა და ქუთაისის ადრონულ ცენტრს. ქალაქ ქუთაისის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას მინიჭებული აქვს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება. ვახტანგ ცაგარელს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.











