მარიამ ლაშხი და გიორგი სოსიაშვილი საგამოცდო ცენტრებს ესტუმრნენ

ლაშხი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისის 147-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ეწვია.

კომიტეტის თავმჯდომარემ გამოცდებისთვის განკუთვნილი სივრცეები დაათვალიერა.

„აბიტურიენტებს და გამოცდებზე დარეგისტრირებულ მასწავლებლებს გამოცდების დაწყების ეტაპს ვულოცავ. დღეს არის მათი ცოდნის და თავდაუზოგავი შრომის გამოვლენის დღე და მათ, პირველ რიგში, თავდაჯერებას და ცხოვრების შემდგომ ეტაპზე წარმატებებს ვუსურვებ. საგამოცდო პროცესი ქვეყნის მასშტაბით 12 ქალაქის 24 საგამოცდო ცენტრში ტარდება. მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა სრულად არის მოწყობილი და ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. ეროვნული საგამოცდო ცენტრის თანამშრომლებს და ტექნიკურ პერსონალს, ვინც საგამოცდო პროცესის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში წარმართვას უზრუნველყოფს, გაწეული სამუშაოებისთვის მადლობას ვუხდი“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

2025 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში კი მონაწილეობის მიღების სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის 24 300-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.

გორის მე-3 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გამოცდების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლებს გაესაუბრა. გიორგი სოსიაშვილმა აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარება უსურვა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტესტირებით დაიწყო.