სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი მოახდენს მმართველობითი გადაწყვეტილებების მონიტორინგს, რაც აღმოფხვრის ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც გახდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განხილვის საგანი - ვახტანგ ბაჩიაშვილი

ვახტანგ ბაჩიაშვილი

სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი მოახდენს რეალურ დროში მმართველობითი გადაწყვეტილებების მონიტორინგს, რაც აღმოფხვრის და პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანს ყველა ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც შემდგომში შესაძლებელია იყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განხილვის საგანი, - განაცხადა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

„იმ თვალსაზრისით, რომ საბიუჯეტო სახსრების არასწორი და არამიზნობრივი გახარჯვა მოხდა, ან იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეული პროექტი შეფერხებით განხორციელდა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დეპარტამენტი იქნება, მისი მანდატი და უფლებამოსილება განხორციელდება არა მხოლოდ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების გადაწყვეტილებებზე“, - აღნიშნა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

პარლამენტში კიდევ ერთ კანონპროექტზე იმსჯელეს, რომელიც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის სტრუქტურის შესაქმნელად საჭირო საკანონმდებლო რეგულაციებს ეხება. დეპარტამენტი მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს.