1753294278
ირაკლი ნადარეიშვილი: ავიაკომპანია IndiGo-ს მიერ საქართველოში ახალი რეგულარული მიმართულების დამატება ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ტურისტული ინდუსტრიისთვისაც

ინდური ავიაკომპანია IndiGo საქართველოში ახალ რეგულარულ მიმართულებას ამატებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას დელის შემდეგ ამჯერად ინდოეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქიდან - მუმბაიდან შეასრულებს.
"წამყვანი ინდური ავიაკომპანია IndiGo საქართველოს ბაზარზე 2023 წლიდან შემოვიდა და ამ პერიოდის განმავლობაში რეგულარულ რეისებს ასრულებს ქალაქ დელისა და თბილისს შორის. ამან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის ინდოელი ტურისტების დაკავშირებადობის თვალსაზრისით", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Indigo დელი-თბილისი-დელის მიმართულებით 2024 წელს 75 034 მგზავრს მოემსახურა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია IndiGo-ს ახალი მიმართულებით ოპერირების ნებართვა უკვე მიანიჭა. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის მიერ თბილისი - მუმბაის საჰაერო ხაზზე ფრენების დაწყება მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან იგეგმება. რეგულარული ავიარეისები ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, კომპანიის მიერ კვირაში 3 სიხშირით ფრენების შესრულება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება არამარტო ორ ქვეყანას შორის საავიაციო კავშირის თვალსაზრისით, არამედ ხელშემწყობი ფაქტორი იქნება საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვისაც - ინდოეთის ტურისტული პოტენციალის ასათვისებლად.
"ზოგადად ავიადაკავშირებადობა და პირდაპირი ფრენები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა როგორც ტურიზმის, ისე საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების თვალსაზრისით. ამ მიმართულებით მომავალშიც კვლავ გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.