1779434747
ეროვნულმა ბანკმა ევროპის ბიზნეს ასოციაციის ახალგაზრდული აკადემიის სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრა გამართა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ევროპის ბიზნეს ასოციაციის ახალგაზრდული აკადემიის (EBA Youth Academy) სტუდენტებს უმასპინძლა.
ღონისძიება ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ გახსნა.
შეხვედრის ფარგლებში ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სებ-ის საქმიანობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ასპექტები გააცნეს. განხილულ თემებს შორის იყო მონეტარული პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა და მდგრადი დაფინანსება, კაპიტალის ბაზრები და ინვესტიციები, ასევე ფინანსური ტექნოლოგიები. სტუდენტები გაეცნენ ეროვნული ბანკის ფუნქციებსა და ამოცანებს, აგრეთვე სტაჟირების შესაძლებლობებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.
„ფინანსური განათლება ეროვნული ბანკის პრიორიტეტია. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ახალგაზრდა თაობის განათლებას. ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია ის პლატფორმები, რომლებიც უნივერსიტეტში მიღებულ თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ ეკონომიკურ და ბიზნეს პროცესებთან აკავშირებს. დღეს 40-მდე სტუდენტს გავაცანით როგორ მუშაობს ქვეყნის საფინანსო სისტემა, ვესაუბრეთ ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ფინანსური სტაბილურობისა და რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ. მადლობას ვუხდი ევროპის ბიზნეს ასოციაციის ახალგაზრდულ აკადემიასა და სტუდენტებს მაღალი ინტერესისა და აქტიური ჩართულობისთვის“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
ახალგაზრდებში ფინანსური ცნობიერებისა და ეკონომიკისადმი ინტერესის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებსა და საინფორმაციო კამპანიებს.












