ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვალუტის ელექტრონულად გადაცვლის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია, 30 წუთის განმავლობაში ოპერაცია გააუქმოს და გაცვლილი ვალუტა უკან დაიბრუნოს

ბანკი

ვალუტის ელექტრონულად გადაცვლის შემთხვევაში, მოქალაქეს თანხის დასაბრუნებლად 30-წუთიანი ვადა ექნება. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნაღდო ფორმით ვალუტის გაცვლის ოპერაციების განხორციელებისათვის მარეგულირებელი ჩარჩო დაამტკიცა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს მომსახურების დივერსიფიკაციას, ოპერაციების გამჭვირვალობასა და ბაზარზე კონკურენციის ზრდას.

ახალი წესით განსაზღვრულია უნაღდო ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაცია, საქმიანობის უფლების გაცემა, პირობები და ვალდებულებები.

სებ-ის ცნობით, უნაღდო კონვერტაცია მოხდება იმ საბანკო ანგარიშების მეშვეობით, რომლებსაც უნაღდო ვალუტის გაცვლის პუნქტის კლიენტი ფლობს.

ამასთან, გადახდები მხოლოდ ქართული ბანკებისა და მიკრობანკების ანგარიშებზე განხორციელდება.

„პუნქტი ვალდებულია, ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლა განახორციელოს მხოლოდ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკის/მიკრობანკის ანგარიშების მეშვეობით. ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლა უნდა განხორციელდეს კომერციულ ბანკში/მიკრობანკში გახსნილი კლიენტის ანგარიშიდან პუნქტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის და შემდგომ, იმავე კლიენტის კომერციული ბანკის/მიკრობანკის ანგარიშზე გადაცვლილი თანხის დაბრუნების გზით. პუნქტი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ წესით დადგენილი პირობებით განახორციელოს ინფორმაციის სისტემატიზაცია, აღრიცხვა, დროული განახლება და შენახვა, აგრეთვე აღრიცხული ელექტრონული მონაცემების დაარქივება და უსაფრთხოდ შენახვა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვადით“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში.

ამასთან, როგორც გამოქვეყნებულ ბრძანებაშია აღნიშნული, მომხმარებელს შეუძლია, გააუქმოს ოპერაცია და დაიბრუნოს გაცვლილი ვალუტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ოპერაციის შესრულებიდან 30 წუთის განმავლობაში ოპერატორ კომპანიას შესაბამის ქვითარს წარუდგენს.

„პუნქტი/ფილიალი ვალდებულია, მომსახურების გაწევისას მომხმარებელს სიტყვიერად მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის საყურადღებო კურსის და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის შესახებ. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია, ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში მომხმარებლის მოთხოვნით, ქვითრის წარდგენის შემთხვევაში, გააუქმოს აღნიშნული ოპერაცია და დააბრუნოს გაცვლილი ვალუტა, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში“, – აღნიშნულია სებ-ის მიერ მიღებულ ახალი რეგულაციაში.