სისხლის ანალიზით შესაძლოა კიბოს განვითარების რისკის გამოვლენა წლებით ადრე გახდეს შესაძლებელი - მეცნიერების ახალი აღმოჩენა

ფოტო

მეცნიერებმა სისხლში ისეთი ცვლილებები აღმოაჩინეს, რომლებიც შესაძლოა კიბოს განვითარების მომატებულ რისკზე დაავადების დიაგნოსტირებამდე რამდენიმე წლით ადრე მიანიშნებდეს. ახალი კვლევის თანახმად, ეს მეთოდი განსაკუთრებით პერსპექტიულია პროსტატის კიბოს შემთხვევაში, რადგან გარკვეული ცვლილებების გამოვლენა დიაგნოზის დასმამდე რვა წლით ადრეც არის შესაძლებელი.

კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Cell Genomics-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერების განმარტებით, კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დაავადების მკურნალობა, როგორც წესი, გაცილებით მარტივია მაშინ, როდესაც სიმსივნე ჯერ კიდევ არ არის გავრცელებული სხვა ქსოვილებსა და ორგანოებზე.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 491 სისხლის პლაზმის ნიმუში შეისწავლეს. მათ შორის 171 ეკუთვნოდა ადამიანებს, რომლებსაც მოგვიანებით ძუძუს კიბო დაუდგინდათ, 93 - პროსტატის კიბოს მქონე პაციენტებს, ხოლო 227 - ადამიანებს, რომლებსაც კიბო არ ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ სისხლის ნიმუშები დაავადების დიაგნოსტირებამდე ორი კვირიდან ცხრა წლამდე პერიოდში იყო აღებული.

მკვლევრებმა ასევე გამოიყენეს კანადაში ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევის მონაცემები, რომელშიც 40 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ეს ინფორმაცია კანადის ონკოლოგიურ რეესტრში არსებულ სამედიცინო ჩანაწერებს შეადარეს.

ამ გზით მეცნიერებმა შეძლეს იმ ადამიანების გამოვლენა, რომლებსაც კვლევის დასაწყისში კიბო არ ჰქონდათ, თუმცა მოგვიანებით დაავადება განუვითარდათ.

კვლევისას გათვალისწინებული იყო მონაწილეთა ასაკი, სქესი, ცხოვრების წესი, ალკოჰოლის მოხმარება, მოწევის ისტორია და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ფაქტორები.

მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს სისხლში არსებულ დნმ-ის მცირე ფრაგმენტებზე. მათ შეისწავლეს ამ დნმ-ის ქიმიური ცვლილებები, კერძოდ, ე.წ. მეთილაცია.

მარტივად რომ ვთქვათ, მეთილაცია არის პროცესი, რომელიც გავლენას ახდენს გენების აქტივობაზე. ამ ცვლილებების შესწავლა მეცნიერებს ეხმარება უკეთ გაიგონ, რა პროცესები მიმდინარეობს ორგანიზმში.

მკვლევრების შეფასებით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მომავალში სისხლის ანალიზი შესაძლოა კიბოს განვითარების მომატებული რისკის ადრეული შეფასების ერთ-ერთი დამატებითი საშუალება გახდეს.

თუმცა მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ მეთოდი ჯერ კიდევ კვლევის ეტაპზეა და მისი ეფექტიანობის დასადასტურებლად დამატებითი, უფრო ფართომასშტაბიანი კვლევებია საჭირო.

✕