შექმნეს ანტისხეულები იმ ვირუსის წინააღმდეგ, რომელიც ცხოვრების განმავლობაში თითქმის ყველა ადამიანს ხვდება

ანტისხეულები

მეცნიერებმა ეპშტაინ-ბარის ვირუსთან (EBV) ბრძოლის ახალი, იმედისმომცემი მეთოდი შეიმუშავეს. ვირუსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია და სპეციალისტების შეფასებით, ზრდასრულთა დაახლოებით 95%-ს ორგანიზმში აქვს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში სიმპტომებს არ იწვევს.

მიუხედავად ამისა, ეპშტაინ-ბარის ვირუსი დაკავშირებულია არაერთ სერიოზულ დაავადებასთან, მათ შორის კიბოს რამდენიმე ფორმასთან, მრავლობით სკლეროზთან და სხვა მძიმე გართულებებთან.

ფრედ ჰატჩისონის ონკოლოგიური ცენტრისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს ანტისხეულები, რომლებიც ვირუსის ზედაპირზე არსებულ ორ მნიშვნელოვან ცილას — gp350-სა და gp42-ს — ბლოკავს. სწორედ ეს ცილები ეხმარება ვირუსს B-ლიმფოციტებში შეღწევაში, რომლებიც იმუნური სისტემის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

მეცნიერების განმარტებით, ამ პროცესის შეჩერება ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას და შესაძლოა მომავალში მისი ხელახალი გააქტიურებაც თავიდან აიცილოს.

კვლევის ფარგლებში, ადამიანის მსგავსი იმუნური სისტემის მქონე თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ერთ-ერთმა ანტისხეულმა ეპშტაინ-ბარის ინფექციისგან ეფექტიანი დაცვა უზრუნველყო.

„ადამიანის ანტისხეულების პოვნა, რომლებიც ეპშტაინ-ბარის ვირუსს ბლოკავს და იმუნური უჯრედების ინფიცირების საშუალებას არ აძლევს, განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. საბოლოოდ, ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსის დაბლოკვისკენ“, — განაცხადა კვლევის ავტორმა, ბიოქიმიკოსმა ენდრიუ მაკგუაიერმა.

მკვლევრების თქმით, ახალი მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს ორგანოების ან ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ, როდესაც იმუნური სისტემა დასუსტებულია და ეპშტაინ-ბარის ვირუსის გააქტიურების რისკი იზრდება.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ საჭიროა დამატებითი კვლევები და ადამიანებზე კლინიკური ცდები, თუმცა მიღებული შედეგები მეცნიერებისთვის მნიშვნელოვან პროგრესად მიიჩნევა.

კვლევა ჟურნალში Cell Reports Medicine გამოქვეყნდა.