იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1792524535
ხელოვნური ინტელექტის ახალ სისტემას კიბოს მქონე პაციენტის სახის ერთი ფოტოს საფუძველზე მისი ბიოლოგიური ასაკისა და გადარჩენის ალბათობის შეფასება შეუძლია. კვლევა ამერიკელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს.
როგორც ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს, ტექნოლოგიამ შესაძლოა ექიმებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებასა და მკურნალობის სტრატეგიის შერჩევაში დაეხმაროს.
სისტემა მასაჩუსეტსის შტატში მოქმედი აკადემიური სამედიცინო ქსელის, Mass General Brigham-ის მკვლევრებმა შეიმუშავეს. ხელოვნური ინტელექტი 40 მილიონზე მეტ სახის ფოტოზე გაწვრთნეს, რომლებიც სხვადასხვა ასაკისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს ეკუთვნოდა.
კვლევის ფარგლებში შეიქმნა ორი ურთიერთშემავსებელი ინსტრუმენტი — FAHR-FaceAge და FAHR-FaceSurvival. პირველი ადამიანის ბიოლოგიურ ასაკს აფასებს, ანუ იმას, თუ რამდენი წლისად გამოიყურება ის რეალურ ასაკთან შედარებით, ხოლო მეორე კიბოს მქონე პაციენტის გადარჩენის ალბათობას უშუალოდ სახის ფოტოს საფუძველზე პროგნოზირებს.
მკვლევრების განმარტებით, ალგორითმები სახის სხვადასხვა უბანს აანალიზებს. FAHR-FaceAge ყურადღებას ამახვილებს ცხვირის გვერდებიდან ტუჩის კუთხეებისკენ მიმართულ ნაოჭებზე, შუბლისა და საფეთქლების მიდამოზე. FAHR-FaceSurvival კი თვალების ქვედა არესა და ცხვირის ზემოთა ნაწილს აფასებს.
კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ბიოლოგიურ ასაკსა და სიკვდილიანობის რისკს შორის კავშირს ეხება. სხივური თერაპიის კურსის გავლისას შესწავლილ პაციენტებს შორის, ისინი, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის შეფასებით რეალურ ასაკზე სულ მცირე ხუთი წლით უფროსად გამოიყურებოდნენ, დაკვირვების დაახლოებით ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში სიკვდილის 21%-ით უფრო მაღალი რისკის ჯგუფში აღმოჩნდნენ. ამის საპირისპიროდ, პაციენტებს, რომლებიც რეალურ ასაკზე სულ მცირე ხუთი წლით ახალგაზრდად გამოიყურებოდნენ, სიკვდილის რისკი 17%-ით ნაკლები ჰქონდათ.
მკვლევრების აზრით, სახის ფოტოს ანალიზმა შესაძლოა ექიმებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს პაციენტის ფიზიკური მდგომარეობის, ორგანიზმის გამძლეობისა და მკურნალობის ატანის შესაძლო უნარის შესახებ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ, რამდენად მიზანშეწონილია ინტენსიური მკურნალობა, მათ შორის ოპერაცია, სხივური თერაპია ან მედიკამენტური მკურნალობა.
კვლევის ერთ-ერთი თანაავტორის, რადიაციული ონკოლოგის, რაიმონდ მაკის განცხადებით, მიზანი სახის ფოტოზე დაფუძნებული შეფასების ისეთი მეთოდის შექმნაა, რომელიც ექიმებს პერსონალიზებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება და მათ პროფესიულ განსჯას არ ჩაანაცვლებს.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ცხოვრების ზოგიერთი წესი სახის დაჩქარებულ დაბერებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მათ შორის მკვლევრები ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას, ნარკოტიკების გამოყენებასა და მოწევას ასახელებენ.
მიუხედავად იმედისმომცემი შედეგებისა, სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ ტექნოლოგიის ფართოდ გამოყენებამდე დამატებითი კვლევები და ვალიდაციაა საჭირო. ამ ეტაპზე ხელოვნური ინტელექტის შეფასება ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობის სრულფასოვან გამოკვლევას ვერ ჩაანაცვლებს.
კვლევის დეტალები სამეცნიერო ჟურნალ The Lancet Digital Health-ში გამოქვეყნდა.
იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1792524535
21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1792524665