რატომ ყივიან მამლები გამთენიისას - რას გვეუბნება მეცნიერება

მამალი

მამლების მიერ დილით ყივილი, რომელიც მსოფლიოს გარშემო "ბუნების მაღვიძარად" მიიჩნევა, ამ ფრინველისთვის ჩვევა და მოვალეობა არაა. რამდენიმე სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ მამლები გამთენიისას ყივიან, რათა თავიანთ დომინანტობასა და სოციალურ სტატუსს ხაზი გაუსვან.

ეს გასაკვირი არაა, რადგან ქათმები სოციალური ცხოველები არიან და მათ პოპულაციაში მკაცრი იერარქიაა. ამის მაგალითი "ჩანისკარტების წესია", რომელიც მათი ქცევის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ეს ეხება იმას, თუ პირველად რომელი შეჭამს, პარტნიორს რომელი შეარჩევს და როგორ მიისაკუთრებენ ტერიტორიას. ეს ყველაფერი ამ სოციალურ სტრუქტურაში ფრინველის პოზიციაზეა დამოკიდებული. ქათმების გუნდში საკუთარი ადგილის ცოდნა ჰარმონიის შესანარჩუნებლად აუცილებელია.

მამლები დომინანტობის მოპოვებას აგრესიისა და გარკვეული ვიზუალური ნიშნების მეშვეობით ცდილობენ. მათ თავზე მარტივად შესამჩნევი სავარცხელივით ბიბილო და ყივილის უნარი აქვთ, ორივე მათგანი კი ტესტოსტერონის დონეს მჭიდროდ უკავშირდება. აღმოჩნდა, რომ მამლები დილით ყივილის დროს მათი სოციალური იერარქიის შესახებ მნიშვნელოვან მინიშნებას იძლევიან. 

2015 წელს იაპონიის ბიოლოგიის ეროვნულმა ინსტიტუტმა კვლევა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ გუნდში უმაღლესი სტატუსის მქონე მამალს პირველი ყივილის პრიორიტეტი აქვს. მკვლევრები ოთხი მამლისგან შემდგარ ჯგუფს დააკვირდნენ და დაადგინეს, რომ დილით ყივილის თანმიმდევრობა ყოველთვის ერთსა და იმავე წესს ემორჩილებოდა. ჯერ პირველი ლიდერი იყივლებდა, შემდეგ მეორე, მესამე და ბოლოს ყველაზე დაბალი სტატუსის მქონე მამალი. თუ დაბალი რანგის მამალი გაბედავდა და პირველი იყივლებდა, მას აგრესიული ქცევის, დაჩაგვრისა და დევნის მეშვეობით საკუთარ ადგილს სწრაფადვე ახსენებდნენ.

ამ კვლევით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მამლების ყივილი სოციალურ სიგნალებს, იერარქიასა და დომინანტობას მჭიდროდ უკავშირდება. მსგავს პასუხამდე ამერიკელი მკვლევრებიც მივიდნენ 1995 წელს ჩატარებული კვლევისას, რომელშიც აღნიშნეს, რომ "მამლების ყივილი, შესაძლოა, სტატუსის შეხსენების ფუნქციას ასრულებდეს".

საინტერესოა ისიც, რომ დილით ყივილი აუცილებლად მზის ამოსვლით არ არის განპირობებული. იმავე იაპონელი მეცნიერების 2013 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ყივილის მთავარი განმსაზღვრელი მამლის შინაგანი ბიოლოგიური საათია, იგივე დღეღამური რიტმი, და არა გარე ფაქტორი, როგორიცაა სინათლე. მართალია, სინათლე როგორც ადამიანების, ისე ცხოველების დღეღამურ რიტმზე გავლენას ახდენს, მაგრამ მამლები ერთსა და იმავე იერარქიულ თანმიმდევრობას ყივილში მაინც ინარჩუნებენ, თუნდაც სრულ სიბნელეში.

განსაკუთრებით საინტერესო რამ ხდება მაშინ, როცა უმაღლესი რანგის მამალი ჯგუფიდან გარიყულია. ასეთ შემთხვევაში ყივილს მეორე რანგის მამალი იწყებს და "ისე იქცევა, როგორც უმაღლესი სტატუსის მქონე მამალი", ნათქვამია 2015 წლის კვლევაში.

მოკლედ რომ ვთქვათ, დილის ყივილში გაცილებით მეტი რამ იმალება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ჰორმონებიდან იერარქიამდე, მამლები თავიანთი ხმაურიანი ყივილით ტერიტორიას იკავებენ და სოციალური წესრიგის შენარჩუნებას ცდილობენ.