საქართველოს ნაკრები უნგრეთთან 0:1 დამარცხდა

კვარა

ერთა ლიგის B2 ჯგუფში საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტში უნგრეთის ეროვნულ გუნდს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

„პუშკაშ არენაზე“ გამართულ შეხვედრაში რამაზ სვანაძემ წინა მატჩთან შედარებით, შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა – გიორგი ქოჩორაშვილის ნაცვლად მოედანზე ირაკლი ეგოიანი შეიყვანა.

დასაწყისში მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, რაც ტაბლოზე 35-ე წუთზე ასახეს. უნგრელებმა მოედნის ცენტრში ლუკა ლოჩოშვილის გადაცემა ჩაჭრეს და კონტრშეტევა მარჯვენა ფლანგზე წამოიწყეს, საჯარიმოში კი მცველებს მილოშ კერკეზმა დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.

საქართველოს ნაკრები მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდა. 39-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ ორჯერ სცადა გატანა, მაგრამ მეკარემ აჯობა, დამატებაზე კი ხვიჩა კვარაცხელიას მცველები გადაეფარნენ და მასპინძლები გადარჩნენ. ორიოდე წუთში კი ფლანგური გადაცემის დაგვირგვინებას ისევ მიქაუტაძე შეეცადა და მიზანს ააცილა.

მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, მაგრამ უპირატესობას მალე ისევ მასპინძლები დაეუფლნენ და სობოსლაის, შაფერისა და ბარანის შეტევების შემდეგ, უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. ჩვენმა გუნდმა ბოლოსკენ სცადა თამაშის გადარჩენა, მაგრამ სისწრაფე და იმპროვიზაცია აშკარად არ გვყოფნიდა.

საბოლოოდ მძიმე სურათი მივიღეთ – საქართველოს ნაკრები 3 ტურის შემდეგ ერთი ქულით ადგილზეა და ჯერჯეროობით, გოლიც არ აქვს გატანილი.

შემდეგ შეხვედრას რამაზ სვანაძის გუნდი 5 ოქტომბერს სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავს.

✕