გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1746340503
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, თბილისის "დინამოს" გამორჩეული კაპიტნის, ალექსანდრე ჩივაძის საიუბილეო საღამოს დაესწრო და ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს 70 წლის იუბილე მიულოცა.
კახა კალაძემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ალექსანდრე ჩივაძე არის ადამიანი, რომელიც მისთვის და კიდევ ბევრი ქართველი სპორტსმენისთვის მაგალითის მიმცემი იყო.
"ჩემთვის დიდი პატივია 70 წლის იუბილე მივულოცო თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულ კაპიტანს, ალექსანდრე ჩივაძეს. საშა იყო ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა თავდაუზოგავი შრომით, საქმისადმი სიყვარულით, პროფესიონალიზმით მიაღწიო წარმატებას. ალექსანდრე ჩივაძე იყო თბილისის "დინამოს" კაპიტანი, როდესაც გუნდმა ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა - მოიგო ევროპის ქვეყნების თასების თასი. რა თქმა უნდა, ამან ქართველ ხალხს ძალიან დიდი სიხარული მოუტანა და ამ მატჩში მონაწილე ყველა ფეხბურთელი იქცა ლეგენდად და ქართველი ხალხის საყვარელ ადამიანად", - აღნიშნა თბილისის მერმა.
მან, როგორც ყოფილმა ფეხბურთელმა, მადლობა გადაუხადა ვეტერან სპორტსმენს მის პროფესიონალად ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისათვის.
"როგორც ყოფილმა ფეხბურთელმა, მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ სულ რაღაც 18 წლის ბიჭი ვიყავი, როდესაც პირველად, თქვენი ხელმძღვანელობით, მომეცა შესაძლებლობა, შემდგარიყო ჩემი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. თქვენ უდიდესი როლი გაქვთ შეტანილი ჩემს პროფესიონალად და წარმატებულ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში, რასაც ძალიან ვაფასებ. თქვენ ხართ ცოცხალი ლეგენდა", - აღნიშნა კახა კალაძემ და ალექსანდრე ჩივაძეს უსურვა ჯანმრთელობა, წარმატება და ქართული ფეხბურთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ბევრი წარმატების ნახვა.