1765919119
საქპატენტსა და საქართველოს ხელოვნების სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინტელექტუალური საკუთრებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენისა და საზოგადოების შემოქმედებითი პოტენციალის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ - „საქპატენტსა“ და საქართველოს ხელოვნების სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეთა თანამშრომლობა მოიცავს საერთო ინტერესების შემცველი პროექტების განხორციელებას, როგორც ინტელექტუალური საკუთრების, ისე კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და დაცვის ხელშეწყობის კუთხით.
მემორანდუმით გათვალისწინებულია ერთობლივი სასწავლო და საგანმანათლებლო ღონისძიებების, მათ შორის, კონფერენციების, ტრენინგების, სემინარებისა და საგამოფენო ექსპოზიციების მოწყობა. ასევე, მიზნობრივი ჯგუფებისთვის იგეგმება სხვადასხვა ინიციატივისა და აქტივობის განხორციელება, რომლებიც უკეთ წარმოაჩენს ზემოაღნიშნული სფეროების მნიშვნელობასა და როლს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში. გარდა ამისა, მემორანდუმით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად საქპატენტის ბაზაზე დაიბეჭდება პოლიგრაფიული საინფორმაციო და შემეცნებითი ხასიათის მასალები, რომელთა გავრცელებას უზრუნველყოფენ მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები.
ინტელექტუალური საკუთრებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით საქპატენტსა და ხელოვნების სასახლეს შორის აქტიური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის პოპულარიზაციას, ერთობლივი ძალისხმევა განაპირობებს საზოგადოების უკეთ ინფორმირებას, რაც შექმნის შემოქმედებისთვის ახალ შესაძლებლობებს და გააძლიერებს ქვეყნის კულტურულ და ინოვაციურ პოტენციალს.










