საქართველოში კვლავ ფიქსირდება კორონავირუსი - ივანე ჩხაიძე მოსახლეობას მიმართავს

ივანე ჩხაიძე

საქართველოში ამჟამად ძირითადად ისეთი ვირუსები ცირკულირებს, რომლებიც გართულებებს არ იწვევს,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ქვეყანაში ყველაზე მეტად გავრცელებულია რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი (RSV) და ადენოვირუსი, რომლებიც, ძირითადად, გაციების მსგავსი სიმპტომებით ვლინდება.

ჩხაიძის თქმით, აღნიშნული ინფექციებისთვის დამახასიათებელია ხველა, ცემინება, ცხელება, მაღალი ტემპერატურა, სურდო, ყელის ტკივილი, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება, ხოლო შედარებით მძიმე შემთხვევებში - კუნთების ტკივილი და საერთო სისუსტე.

პროფესორის განცხადებით, ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა გაზრდილი არ არის და, პირიქით, თანდათან იკლო. მისი პროგნოზით, ივლისსა და აგვისტოში ეს ტენდენცია კიდევ უფრო გამოიკვეთება.

ამასთან, ჩხაიძე აღნიშნავს, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებიც ფიქსირდება.

„ეს მცირე მაჩვენებელია, თუმცა მიუთითებს, რომ კორონავირუსი კვლავ არსებობს და ცალკეულ შემთხვევებში დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობას იწვევს“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ  „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.