1778240879
რატომ ეშინიათ ადამიანებს სიმაღლის - ბიოლოგის განმარტება
სიმაღლის შიში, ანუ აკროფობია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობიაა. მეცნიერების აზრით, ეს შიში მხოლოდ ცუდ გამოცდილებას არ უკავშირდება - ის ადამიანის და ბევრი სხვა ძუძუმწოვრის ბუნებრივ ინსტინქტშია ჩადებული.
ამ მოსაზრების დასამტკიცებლად, 1960 წელს ფსიქოლოგებმა ჩაატარეს ცნობილი ექსპერიმენტი „ვიზუალური კლდე“. მათ შექმნეს მინის ზედაპირი, რომელიც სიმაღლის ილუზიას აჩენდა. ექვსიდან თოთხმეტი თვის ჩვილების უმეტესობამ უარი თქვა ამ ზედაპირზე გადასვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ რეალური საფრთხე არ არსებობდა. მსგავსი რეაქცია აჩვენეს ქათმებმა, ბატკნებმა, თხებმა, კნუტებმა და ვირთხებმაც, რაც მიუთითებს, რომ სიმაღლის შიში თანდაყოლილია.
ევოლუციური ბიოლოგის სკოტ ტრავერსი განმარტებით, სიმაღლის შიში ტვინის კონკრეტულ ნაწილთან - ბაზოლატერალურ ამიგდალასთან - არის დაკავშირებული. კვლევებმა აჩვენა, რომ სიმაღლეზე ყოფნისას სპეციალური ნეირონები აქტიურდება, რაც გულისცემის აჩქარებასა და სხეულის დაძაბვას იწვევს.
მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ აკროფობიის მქონე ადამიანები ზედმეტად ეყრდნობიან ვიზუალურ აღქმას წონასწორობის შესანარჩუნებლად. როდესაც სიმაღლეზე ვიზუალური ორიენტირები სუსტდება, მათში ჩნდება კონტროლის დაკარგვის ძლიერი განცდა.
სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ სიმაღლისადმი მცირე შიში ნორმალური და დამცავი რეაქციაა. თუმცა, როდესაც ეს შიში ყოველდღიურ ცხოვრებას უშლის ხელს, უკვე აკროფობიასთან გვაქვს საქმე. მოსახლეობის დაახლოებით 3–6% სწორედ ასეთი ძლიერი შიშით იტანჯება.












