შეიძლება თუ არა ბავშვის ბანაობა ვირუსული ინფექციის დროს - ივანე ჩხაიძე საუბრობს
1765797540
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თხუთმეტ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობას იწყებს. პროექტი ხორციელდება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
კონკურსებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან ერთად შეხვდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს მშენებლობებთან დაკავშირებული ძირითადი მიდგომები, სამუშაო პროცესები, ვადები, ზედამხედველობის მექანიზმები და ხარისხის სტანდარტები.
16 საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის პროექტირება-მშენებლობა იწყება
გორის, თელავის, ყვარლის, ახმეტის, გურჯაანის, სიღნაღის, ახალქალაქის, ახალციხის, ჩოხატაურის, ოზურგეთის, ვანის,სამტრედიის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში.
შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები უნდა აშენდეს უმაღლესი ხარისხით და ამ მიმართულებით კომპრომისი არ დაიშვება. რევაზ სოხაძის განცხადებით, ხარისხის კონტროლი განხორციელდება ყველა ეტაპზე — პროექტირების, ზედამხედველობისა და შესრულების ყველა დეტალის ჩათვლით.
მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტი არ არის მხოლოდ ფეხბურთის განვითარებაზე ორიენტირებული. მისი განმარტებით, ახალი ინფრასტრუქტურა შექმნის მრავალფუნქციურ შესაძლებლობებს, გააუმჯობესებს შესაბამის სერვისებზე ხელმისაწვდომობას და მნიშვნელოვნად შეცვლის მუნიციპალიტეტებში არსებულ რეალობას. პროექტის ფარგლებში იხარჯება მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, რომელიც სახელმწიფოსთვის წარმოადგენს ინვესტიციას მომავალ თაობაში და რეგიონების მდგრად განვითარებაში.
„ეს კეთდება ბავშვებისთვის — ჩვენი ვალდებულებაა, შევუქმნათ მათ პირობები, რომ ივარჯიშონ მაღალი დონის სტადიონებზე და ჰქონდეთ განვითარების რეალური შესაძლებლობა,“ — აღნიშნა მინისტრმა.
პროექტების ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნები, ტრიბუნები მაყურებელებისთის და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა - გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები.
ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს რეგიონებში სპორტის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას.