1778184177
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა მკვლელობის ორგანიზების მტკიცებულებები - მიქაძეების ადვოკატი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს, პოლიციის მობილიზებაა. სასამართლოსთან იკრიბებიან ბრალდებულებისა და მოკლული ბიზნესმენის ახლობლები.
ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდადებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამავე საქმის ფარგლებში, ბრალდებულია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა მკვლელობის ორგანიზების მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე შეუძლებელია, რომ გამოტანილი არ იყოს გამამართლებელი განაჩენი. გამამტყუნებელი განაჩენი თუკი იქნება გამოტანილი, მაშინ მტკიცებულებად მხოლოდ რომიკო გოგიაშვილის პატაკი შეიძლება ეწეროს. პატაკის საფუძველზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს არ აქვს პერსპექტივა, არც შიდა ეროვნულ ინსტანციებში, არც სტრასბურგის სასამართლოში", - აცხადებს გიორგი და დავით მიქაძეების ადვოკატი შორენა ნიქაბაძე.












