„ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში“ - პაატა ბურჭულაძის საბოლოო სიტყვა სასამართლოში

პაატა ბურჭულაძე

ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა პაატა ბურჭულაძემ სასამართლოში საბოლოო სიტყვით ისარგებლა და განაცხადა, რომ საკუთარ თავს „სწორ გზაზე მდგომად“ მიიჩნევს.

ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნისთვის „დამღუპველ ძალად“ მიაჩნია.

„რაც შეეხება დღევანდელობას - ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში. ორივე ბრძოლის ფრონტია ამ მოღალატეების წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, რომ ცნობადი სახეები, როგორც არ უნდა შეძლებულად ვცხოვრობდეთ, უნდა ვიყოთ წინა პლანზე და მაგალითი სამშობლოს დაცვისთვის ბრძოლაში; ნათელი უნდა გავხადოთ ხალხის სურვილი, ხოლო პოლიტიკოსებმა უნდა აღასრულონ ხალხის ნება“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

მისი თქმით, პროკურატურამ ვერ დაასაბუთა ბრალდებები და შვიდთვიანი გამოძიების განმავლობაში ის ოჯახს იყო მოწყვეტილი. ბურჭულაძემ ასევე აღნიშნა, რომ პროტესტი არ ჩაქრება და „საქართველო არასდროს დანებდება“.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.