„მოხარშული კვერცხი საკვებად ვარგისია და უმაცივროდ ძლებს მხოლოდ 2 საათი, მაცივარში 1 კვირამდე...“ - როგორ უნდა შევინახოთ სააღდგომო კვერცხი, რას გვირჩევს ინფექციონისტი

red egg

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში მოხარშული კვერცხის შენახვის პირობებთან დაკავშირებით, საჭირო ინფორმაციას აზიარებს, რადგან თავიდან ავირიდოთ საკვებით მოწამვლა.

„კიდევ ერთხელ გილოცავთ და შეგახსენებთ, რომ მოხარშული კვერცხი საკვებად ვარგისია და უმაცივროდ ძლებს მხოლოდ 2 საათის განმავლობაში, ხოლო მაცივარში 1 კვირამდე.

თუ ნაჭუჭი გატეხილია, მაშინ მაცივარში შენახვის ხანგრძლივობა სამ დღემდე მცირდება.

სააღდგომო კვერცხების შენახვის კიდევ ერთი არასწორი პრაქტიკაა უმი კვერცხის კონტეინერში შეღებილი კვერცხების ჩალაგება (ხშირად შეღებილი კვერცხი მაღაზიებში ასე იყიდება). ეს კონტეინერი უმი კვერცხის ნაჭუჭით არის დაბინძურებული და შეღებილი კვერცხის ნაჭუჭის კონტამინაციას ახდენს.

დღესასწაულების პერიოდში და შემდეგ მოწამვლა საკმაოდ ხშირია საკვების დიდი ხნით და არასწორი შენახვის გამო. ამას ხელს უწყობს ალკოჰოლის უზომო რაოდენობით მიღებაც. გისურვებთ ჯანმრთელობას“, - წერს ინფექციონისტი სოციალურ ქსელში .