ე.წ. „სიკვდილის სამკუთხედი“ ადამიანის სახეზე...- ექიმის გაფრთხილება

საზოგადოება

ექიმი და ინფლუენსერი გიორგი ღოღობერიძე ვიდეომიმართვაში საუბრობს  ცხვირისა და ზედა ტუჩის მიდამოზე, რომელსაც სამედიცინო და პოპულარულ ლიტერატურაში ხშირად „სახის საშიშ სამკუთხედს“ ან „სიკვდილის სამკუთხედს“ უწოდებენ.

ექიმი განმარტავს, რომ სახის ზოგიერთი ვენა დაკავშირებულია თავის ქალის შიგნით მდებარე ვენურ სისტემასთან, მათ შორის კავერნოზულ სინუსთან.

„არ გაპანიკებთ, მაგრამ ამისი არ გათვალისწინება შეიძლება დასრულდეს თავის ტვინის გარსების ანთებით, ანუ მენინგიტით, თავის ტვინში ჩირქგროვების ფორმირებით, ანუ აბსცესით და ასევე კავერნოზული სინუსის თრომბოზითაც“,- ამბობს ექიმი.

მისი განმარტებით, ეს ზონა იწყება ცხვირის ძირიდან და დაახლოებით ზედა ტუჩის კუთხეებამდე გრძელდება.

რატომ არის ჩირქოვანი გამონაყარის მოჭერა სახიფათო?

ღოღობერიძის თქმით, ამ მიდამოში მდებარე ვენებს ზოგიერთ ადამიანს სარქველები აქვს, ზოგიერთს კი — არა. იმ შემთხვევაში, როდესაც სარქველები არ არის, ინფიცირებული წარმონაქმნის დაზიანებისას ბაქტერიებმა შესაძლოა ვენური სისხლის საშუალებით უკუდინებით თავის ქალას ღრუში მდებარე კავერნოზულ სინუსამდე მიაღწიოს.

„ამ მიდამოში გვაქვს სახის ვენები. ამ ვენებს ადამიანთა ნაწილში აქვს სარქველები, ნაწილში კი — არა. იმ ადამიანებში, ვისაც აქ არსებულ ვენებში სარქველები არ აქვს, ჩირქგროვის ხელით დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა ბაქტერიების ნაწილი ვენების საშუალებით უკუდინებით, ანუ რეტროგრადულად, თავის ქალას ღრუში არსებულ კავერნოზულ სინუსში მოხვდეს და იქ თრომბოზი გამოიწვიოს“,- განმარტავს ექიმი.

მისივე თქმით, კავერნოზული სინუსის თრომბოზს შესაძლოა ნერვული სისტემის სერიოზული გართულებები მოჰყვეს, მათ შორის თვალის მოძრაობასთან დაკავშირებული ნერვების დაზიანება, დამბლა და სიელმე. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს მენინგიტი ან თავის ტვინის აბსცესი.

ამიტომ ექიმი მოქალაქეებს ურჩევს, სახის აღნიშნულ ზონაში ჩირქოვან გამონაყარს ხელით არ შეეხონ და თავად არ გახსნან.

„დაიმახსოვრეთ, ამ სამკუთხედში არსებულ ჩირქგროვებს ხელით არასდროს ვეხებით. თუ ძალიან გაღიზიანდა, მივდივართ ექიმთან, რომელიც შესაბამის მედიკამენტებს დაგვინიშნავს, მაგრამ ჩვენით მას არ ვხსნით, არ ვაწვალებთ და არ ვაღიზიანებთ, იმიტომ, რომ ეს შეიძლება ძალიან მძიმე შედეგით დასრულდეს“,- ამბობს გიორგი ღოღობერიძე.