ზურაბ პატარაძე: სწრაფად მზარდი ეკონომიკა, ინვესტიციების მოზიდვა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა იმ უდიდესი მხარდაჭერის შედეგია, რასაც საქართველოს ხელისუფლება რეგიონის გაძლიერებისთვის აკეთებს

ზურაბ პატარაძე

ბათუმი სულ უფრო მეტად იმკვიდრებს თავს, როგორც საქმიანი ქალაქი, რომელიც მასშტაბურ საერთაშორისო ფორუმებსა და მნიშვნელოვან ღონისძიებებს მასპინძლობს, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე (GIMF 2026) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აჭარისთვის საზღვაო სექტორი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიმართულებაა, ხოლო დღევანდელი ფორუმი რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას და თანამედროვე სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს.

„დღეს ჩვენი რეგიონი და ქალაქი ბათუმი სულ უფრო მეტად ასოცირდება განვითარებასა და პროგრესთან და თავს იმკვიდრებს, როგორც საქმიანი ქალაქი. ეს იმიჯი ბათუმმა მასშტაბური ღონისძიებების, საერთაშორისო ფორუმებისა და მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებით დაიმკვიდრა. ჩვენი ქალაქის ისტორიისა და განვითარების ყველა ეტაპზე ზღვის ფაქტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს ქალაქს პორტო ფრანკოს სტატუსი მიენიჭა, რამაც მისი საერთაშორისო მნიშვნელობა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი გააძლიერა. სწრაფად მზარდი ეკონომიკა, ინვესტიციების მოზიდვა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები არის იმ უდიდესი მხარდაჭერის შედეგი, რასაც საქართველოს ხელისუფლება ჩვენი რეგიონის გაძლიერებისთვის აკეთებს. ამის ერთ-ერთი დასტურია დღევანდელი ფორუმი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის დარგის ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს ფორუმის მთავარი გზავნილიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საზღვაო კავშირები მნიშვნელოვანი სტრატეგიული აუცილებლობაა. აჭარისთვის საზღვაო სექტორი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – ჩვენი რეგიონი საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილია, როგორც საზღვაო განათლების მნიშვნელოვანი ცენტრი და მეზღვაურთა პროფესიული მომზადების კერა“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.