The American Conservative: ვაშინგტონმა უნდა გაატაროს სტრატეგიული, ემპათიური ჩართულობისა და თანამშრომლობის პოლიტიკა საქართველოს მთავრობასთან

საქართველოს დროშა

თუ აშშ-ის სენატს სურს თავიდან აიცილოს უკრაინის მსგავსი კიდევ ერთი ტრაგიკული კრიზისი რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე, მან უნდა შეწყვიტოს მოსკოვის მეზობლების წახალისება რუსეთის მიმართ არასაჭირო კონფრონტაციული ურთიერთობებისკენ, - წერს ამერიკული გამოცემა The American Conservative.

„სამწუხაროდ, სწორედ ეს გააკეთა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთა უმეტესობამ გასულ თვეში, როდესაც მათ წინ წამოწიეს MEGOBARI აქტი“, - წერენ სტატიის ავტორები.

სტატიაში ნათქვამია, რომ ეს კანონპროექტი წარმოადგენს ძალისხმევას, უბიძგოს საქართველოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვისკენ და უკრაინის ომთან მიმართებით ტრანსატლანტიკური მიდგომის დაცვისკენ - მიუხედავად იმისა, რა შედეგები შეიძლება ამას მოჰყვეს საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის.

„თუ ეს კანონპროექტი ძალაში შევა, რეალური შედეგი იქნება ის, რომ საქართველო უფრო ღრმა ურთიერთობებში ჩაერთვება არადასავლელ პარტნიორებთან, რაც სერიოზულად წინააღმდეგობაში მოვა ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევასთან - გადახედოს ამერიკის ვალდებულებებს ევროპაში და აღადგინოს სამუშაო ურთიერთობები რუსეთთან, რათა მოლაპარაკებების გზით მიაღწიოს გრძელვადიან მშვიდობას უკრაინაში“, - ნათქვამია სტატიაში.

„თუმცა, ის [კანონპროექტი] არ ჰპირდება საქართველოს დაცვას იმ შემთხვევაში, თუ რეკომენდებული პოლიტიკა ახალ ომამდე მიიყვანს რუსეთთან. უკიდურესად უპასუხისმგებლოა, როცა ცდილობ აიძულო სხვა ქვეყანა სიღრმისეულად სახიფათო ქმედებებზე, მაშინ როცა არ გაქვს განზრახვა, გადაარჩინო ის შედეგებისგან“, - აღნიშნავენ სტატიის ავტორები.

სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ქუინსის ინსტიტუტის პოლიტიკურ მიმოხილვის თანახმად, უკრაინის ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის მხარდაჭერის შედეგად, თბილისი უკიდურესად მყიფე უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას.

სტატიის ავტორები ამტკიცებენ, რომ თუ ისეთი კანონპროექტი, როგორიცაა MEGOBARI აქტი, კანონად იქცევა, მას ექნება ღრმა ნეგატიური გავლენა ამერიკის და, დიდი ალბათობით, ევროპის ურთიერთობებზე საქართველოსთან.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ „მიუხედავად იმისა, მოსწონს ეს აშშ-ს თუ არა, საქართველოს ეკონომიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული და დამოკიდებულია რუსეთთან ვაჭრობაზე“.

„უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობა რუსეთთან მიმართებითი გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფება, სულ მცირე, 2008 წლიდან, როდესაც სააკაშვილის მთავრობამ განახორციელა ქმედებები სამხრეთ ოსეთის რეგიონში, რამაც ხელი შეუწყო რუსეთისა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის პირდაპირ კონფლიქტს. [...] აშშ-მა და ევროპამ უნდა გააცნობიერონ, რამდენად უგუნური და უპასუხისმგებლოა იმ ქვეყნების წახალისება, რომლებიც რუსეთის საზღვრებთან მდებარეობენ, რომ ფაქტობრივად დაუპირისპირდნენ რუსეთს, მაშინ როცა დასავლეთს რეალურად არანაირი განზრახვა არ აქვს, დაიცვას ისინი შესაძლო შედეგებისგან. 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პარტია „ქართული ოცნება“ პირდაპირი გზავნილით ცდილობს „მტკიცე და პრინციპული“ დიალოგის წარმართვას რუსეთის ხელისუფლებასთან, რადგან სწამს - და სამართლიანად - რომ ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების და ამ დაპირისპირების მოსკოვის მხრიდან საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას რეალისტური სამხედრო გადაწყვეტა არ გააჩნია“, - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავ უჭერს მხარს კიევს საერთაშორისო ორგანიზაციებში და ჰუმანიტარულ დონეზე, საქართველოს მთავრობა უკრაინაში სრულმასშტაბური ომის დაწყების შემდეგ ძალიან ფრთხილ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას ატარებს.

„თუ MEGOBARI აქტი კანონად იქცევა, ის, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს მთავრობას აშშ-ისგან და შეაფერხებს ამერიკის შესაძლებლობას, სერიოზულად მოახდინოს გავლენა ადგილობრივ პროცესებზე იმ დროს, როცა ვაშინგტონი იწყებს ახალ პოლიტიკას რუსეთისა და მისი პოსტსაბჭოთა მეზობლების მიმართ. ასეთი კანონმდებლობის ერთ-ერთი რისკი ის არის, რომ შიდა ქართული პოლიტიკური პროცესების მიმართ კონკრეტული მხარის არჩევით და ინდივიდების მიმართ სანქციების წახალისებით, აშშ უნებლიეთ ხელს შეუწყობს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, გააღრმაოს ურთიერთობები სხვა, არადასავლელ პარტნიორებთან. ვაშინგტონმა უნდა გაატაროს სტრატეგიული, ემპათიური ჩართულობისა და თანამშრომლობის პოლიტიკა საქართველოს მთავრობასთან. ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში თბილისი აპირებს დივერსიფიკაციისა და რისკების შემცირების საგარეო პოლიტიკის გატარებას - რასაც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ფართოდ უწოდებენ „მრავალვექტორულობას“. სულ უფრო დაუცველ მსოფლიოში, რომ აღარაფერი ვთქვათ რეგიონზე, ასეთი პოლიტიკა საქართველოს პერსპექტივიდან აბსოლუტურად გონივრულია. იმის ნაცვლად, რომ შეეცადოს ამ ტენდენციის შეცვლას, აშშ-ს შეუძლია მიაღწიოს სტრატეგიულ სარგებელს და, რაც მთავარია, დადებითად იმოქმედოს ადამიანის უფლებების მდგომარეობასა და დემოკრატიის დონეზე საქართველოში ამ ქვეყნის მიმართ უფრო პრაქტიკული პოლიტიკის გატარებით“, - ნათქვამია სტატიაში.