თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა კანონპროექტებს და სარატიფიკაციო შეთანხმებას მხარი დაუჭირა

 თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა კანონპროექტებს და სარატიფიკაციო შეთანხმებას მხარი დაუჭირა

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა. კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მომზადებას, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია განახორციელებს. სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამაგისტრო პროგრამის და ასევე სათანადო სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტებისთვის სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენას, შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას და გადამზადებას უზრუნველყოფს. კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება. კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსადრე დარახველიძემ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობისას თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით“ ტექნიკური შეთანხმება წარადგინა. სარატიფიკაციო დოკუმენტი თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების სარდლობის მიერ საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან კოორდინაციით მომზადდა. აღნიშნული დოკუმენტი NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ ჩართულ თურქეთის სამხედრო - საზღვაო ძალების ხომალდებზე ქართული კონტინგენტის განთავსების საფუძველს წარმოადგენს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ანალოგიური შეთანხმება საქართველოს საბერძნეთის მხარესთანაც ჰქონდა გაფორმებული, რომლის ფარგლებში ქართულმა კონტინგენტმა საზღვაო უსაფრთხოების სწავლება ბერძნულ გემებზე გაიარა. ალექსანდრე დარახველიძემ კომიტეტის წევრებს გამარტივებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტიც გააცნო.  კანონპროექტის თანახმად, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის 441 მუხლით გათვალისწინებული საკითხების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მიღების ვადა 2026 წლის 1 იანვრის ნაცვლად, 2029 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს. სხდომაზე განხილულ საკითხებს კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს.