რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
1778356774
ჯაშუშობა უცხო ქვეყნის სასარგებლოდ - დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალი დღეს ოფიციალურად უნდა წარუდგინონ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეჭვმიტანილის წინააღმდეგ მტკიცებულებების სრული პაკეტი აქვს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, მას უკვე გამოუჩნდნენ დამცველები და ეჭვიც კი არ შეაქვთ:
"ჯაშუშობის წინააღმდეგ ბრძოლის საჯაროდ გამოტანა არ ხდება ზოგჯერ საჯაროდ, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, უკვე ხმამაღლა განაცხადა ამის თაობაზე. ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი, როდესაც სუს-მა თქვა, რომ აქვთ უამრავი მასალა, აქვთ ჩანაწერები, ანუ მიანიშნა, რომ მტკიცებულებების სრული პაკეტი აქვთ, გამოუჩნდნენ დამცველები ამ ადამიანს, ეჭვი კი არ შეაქვთ მაგალითად, რომ მომავალში ვნახოთ სასამართლოზე როგორ გაირკვევა ეს საკითხი, უკვე თითქოს ეს არის რაღაც ყალბი ნარატივი და ა.შ. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ მათ მიიღეს დავალება, რომ ამ ჯაშუშის, ეჭვმიტანილის გამართლება ამ ეტაპზევე დაიწყონ,"- აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, ის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურს საქართველოს შესახებ ინფორმაციას თანხის სანაცვლოდ აწვდიდა. "კურიერმა" შეძლო იმის გარკვევაც, რომ უძილაური ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულს ჰქონდა კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით. გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს. გამოძიება 314-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს