სოსო არჩვაძე: მსოფლიოში მაღალი ვოლატილობის ფონზე საქართველოს ეკონომიკის დინამიზმი, ექსპორტის წინმსწრები ზრდა და მიღწეული შედეგები არა მხოლოდ ქვეყნის მდგრადობას, არამედ საქართველოს გეოპოლიტიკური როლისა და მნიშვნელობის ზრდას ადასტურებს

სოსო არჩვაძე

2026 წლის მარტში, გლობალური ეკონომიკური შოკებისა და დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა განაგრძობდა დინამიკურ განვითარებას, რის შედეგადაც ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის მარტთან 10.7 პროცენტი შეადგინა (მთლიანად პირველ კვარტალში: +9.1%). ეს საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო 14 თვის მანძილზე. ზრდის აღნიშნული ტემპი თითქმის 3.5-ჯერ და მეტად აღემატება გლობალური ეკონომიკის 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს (სპარსეთის ყურეში დაწყებული საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ: +3.1%, ნაცვლად ადრინდელი +3.3%-სა) - წერს ეკონომისტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში.

როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, ექსპორტის წინმსწრებმა ზრდამ იმპორტის ზრდასთან შედარებით და ექსპორტით იმპორტის გადაფარვის გაუმჯობესებამ ასახვა პოვა იმ ქვეყანათა რაოდენობის ზრდაში, რომლებთანაც საქართველოს დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს. - მათი რაოდენობა გასულ წელთან შედარებით ცხრით გაიზარდა და 49-ს მიაღწია.

არჩვაძის შეფასებით, მსოფლიოში მაღალი ვოლატილობის ფონზე საქართველოს ეკონომიკის დინამიზმი, ექსპორტის წინმსწრები ზრდა, სავალუტო რეზერვების დინამიკური მატება და მიღწეული შედეგები არა მხოლოდ ქვეყნის მდგრადობას, არამედ საქართველოს გეოპოლიტიკური როლისა და მნიშვნელობის მკვეთრ ზრდას ადასტურებს.

„2026 წლის მარტში, გლობალური ეკონომიკური შოკებისა და დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა განაგრძობდა დინამიკურ განვითარებას, რის შედეგადაც ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის მარტთან 10.7 პროცენტი შეადგინა (მთლიანად პირველ კვარტალში: +9.1%). ეს საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო 14 თვის მანძილზე. ზრდის აღნიშნული ტემპი თითქმის 3.5-ჯერ და მეტად აღემატება გლობალური ეკონომიკის 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს (სპარსეთის ყურეში დაწყებული საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ: +3.1%, ნაცვლად ადრინდელი +3.3%-სა).

რეალურ გამოხატულებაში, 2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკის მასშტაბი პანდემიამდელ, 2019 წლის დონეს თითქმის 1.6-ჯერ (+57.4%) აღემატებოდა, რაც ანალოგიურ გლობალურ მაჩვენებელს (+22.7%) 2.5-ჯერ უსწრებს.

მარტში ინფლაციამ წინა თვესთან 0.8 პროცენტი, ხოლო წლიურ განზომილებაში (- 2025 წლის მარტთან) - 4.3 პროცენტი შეადგინა. წინა, თებერვლის თვესთან შედარებით, ერთი თვის ინფლაციის მაჩვენებელი გაიზარდა 0.6 პუნქტით, ხოლო წლიური ინფლაცია შემცირდა 0.5 პუნქტით. ინფლაცია წლიურ ინფლაციაში მთავარი „წვლილი“ შეიტანა სურსათის (+7.5%) გაძვირებამ, რომელზეც მოვიდა ინფლაციური მატების თითქმის 60 პროცენტი. ინფლაციის წლიურ „ყულაბაში“ ინფლაციის 11.4 პროცენტით თავისი წვლილი შეიტანა საწვავის გაძვირებამაც. (ცნობისათვის: წლიურმა ინფლაციამ მარტში შეადგინა: აშშ-ში- 3.3%, EU27-ში – 2.8%).

2026 წლის მარტში ნარჩუნდებოდა ექსპორტის წინმსწრები - თითქმის 5.5-ჯერ უფრო სწრაფი - ზრდა იმპორტის ზრდასთან შედარებით (მატება: 24.0% vs. 4.4%; აბსოლუტური მოცულობა: $697.0 მლნ. ვს. $1587.4 მლნ.; მთლიანი ბრუნვა: +6.8%). საგარეო სავაჭრო ბრუნვის წლიური მატების 2/3 2026 წლის მარტში მოდიოდა ექსპორტის და 1/3 - იმპორტის მატებაზე ($134.8 მლნ. vs. $67.3 მლნ.).

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ადგილობრივი ექსპორტის ზრდა, რომელმაც გასული წლის მარტის მაჩვენებელს 82.9 პროცენტით გადააჭარბა და რეკორდულად მაღალი, 463.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ბოლო ხუთი თვეა, რაც ადგილობრივი ექსპორტის წლიური მატების საშუალო ტემპი 60 პროცენტს აღემატება. ამჟამად მთელი ექსპორტის 2/3 (66.4%) ადგილობრივ ექსპორტზე მოდის, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 21.4 პუნქტით აღემატება. ადგილობრივი ექსპორტის მატების ტემპი თითქმის 5-ჯერ აღემატებოდა სამამულო პროდუქტის ნომინალურ ზრდას, რაც ცალსახად ადასტურებს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და საერთაშორისო ექსპანსიისა და კონკურენტუნარიანობის არსებით გაუმჯობესებას.
მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვის მატების 65.1 პროცენტი ექსპორტის მატებაზე მოდიოდა, რაც მთლიანად ადგილობრივი ექსპორტის დამსახურებაა.

საექსპორტო ექსპანსია განსაკუთრებით თვალშისაცემია ეროვნული ვალუტის გამყარების პირობებში. - ლარის კურსი აშშ დოლართან 2026 წლის მარტში წინა წლის მარტთან შედარებით გამყარდა 2.2 პროცენტით.

მარტში ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ 43.8 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.8 პუნქტით მაღალია.

ექსპორტის წინმსწრებმა ზრდამ იმპორტის ზრდასთან შედარებით და ექსპორტით იმპორტის გადაფარვის გაუმჯობესებამ ასახვა პოვა იმ ქვეყანათა რაოდენობის ზრდაში, რომლებთანაც საქართველოს დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს. - მათი რაოდენობა გასულ წელთან შედარებით ცხრით გაიზარდა და 49-ს მიაღწია.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში პირველ სამ ადგილს იკავებენ თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი. - მათზე მოდის საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.1 პროცენტი და ადგილობრივი ექსპორტის 41.5 პროცენტი. ამასთან, ამ „დიდ სამეულზე“ მოდის ექსპორტის მატების თითქმის 3/5 (58.9%). გასულ წელთან შედარებით ამ ქვეყნებში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი თითქმის გაორმაგდა (+97.3%) და პირველ კვარტალში 466.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ „დიდ სამეულთან“ მთლიანი ექსპორტის 94.7 პროცენტი ადგილობრივ ექსპორტზე მოდის.

2026 წლის მარტში რუსეთის წილად მოდიოდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 13.8 პროცენტი, მათ შორის ექსპორტის 7.7 პროცენტი და იმპორტის 16.5 პროცენტი. რუსეთის წილად მოდიოდა საქართველოში იმპორტირებული ნედლი ნავთობის 100 პროცენტი, ხორბლისა და მესლინის იმპორტის 87.9 პროცენტი და ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის 34.7 პროცენტი.

მიუხედავად იმისა, რომ 2026 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა მსუბუქი ავტომობილების როგორც იმპორტი (- 26.1%), ისე ექსპორტი (-27.2%), მთლიან ექსპორტში 21.1-პროცენტიანი წილით ისინი მაინც ინარჩუნებენ ლიდერ პოზიციას. ამასთან, საქართველოში შემოყვანილი მსუბუქი ავტომობილების თითქმის 3/5 (57.7%) განკუთვნილია მათი შემდგომი გაყვანისათვის სხვა ქვეყნებში (რეექსპორტი).

2026 წლის მარტში უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ფულადმა ტრანზაქციებმა 320.6 მლნ. აშშ დოლარი (+9.8%), ხოლო წმინდა ტრანზაქციებმა – 282.9 მლნ აშშ დოლარი (+9.3%) შეადგინა. შემოსული ტრანზაქციების 73.8 პროცენტი ექვს ქვეყანაზე მოდიოდა (აშშ, იტალია, რუსეთის ფედერაცია, გერმანია, საბერძნეთი და ისრაელი), სადაც ქართული შრომითი ემიგრაცია ყველაზე მრავალრიცხოვანია. აშშ-დან შემოსული ტრანზაქციები (61.0 მლნ. აშშ დოლარი) თითქმის 1.6-ჯერ (59.7%-ით) აღემატება რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ტრანზაქციებს. ამასთან, საქართველოში შემოსული ტრანზაქციების მოცულობა დასახელებული ექვსეულიდან დასავლეთის ხუთი ქვეყნის მიხედვით 5.2-ჯერ აღემატება რუსეთიდან შემოსულ თანხებს (2025 წ. მარტში - 4.6-ჯერ). ერთ წელიწადში საქართველოში შემოსული ტრანზაქციების მოცულობაში რუსეთის წილი შემცირდა 13.0 პროცენტული პუნქტიდან 11.9 პროცენტამდე, აშშ-სა კი, პირიქით, გაიზარდა - 18.4 პროცენტიდან 19.0 პროცენტამდე.

ეკონომიკის მაღალი დინამიზმი, ექსპორტის, შემოსული ფულადი გზავნილების და ეროვნული ვალუტის კურსის ზრდა პოზიტიურად აისახება ქვეყნის ფინანსურ და ფულად-საკრედიტო სისტემაზე. ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების ზრდამ მარტში წლიურად (+46.5%) თითქმის სამჯერ გადააჭარბა ეკონომიკის ნომინალურ ზრდას და 6.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მიმდინარე წლის იმპორტის საშუალო თვიურ მაჩვენებელს 4.6-ჯერ აღემატება.

მსოფლიოში მაღალი ვოლატილობის ფონზე საქართველოს ეკონომიკის დინამიზმი, ექსპორტის წინმსწრები ზრდა იმპორტის ზრდასთან შედარებით, სავალუტო რეზერვების დინამიკური მატება, მიღწეული შედეგები და გატარებული ღონისძიებები ადასტურებს არა მარტო საქართველოს ეკონომიკისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობას და შემდგომი დინამიკური ზრდის მასშტაბურ პოტენციალს, არამედ მკვეთრად აუმჯობესებს საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და მნიშვნელობას გლობალური ეკონომიკის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის ესოდენ საჭირო საკომუნიკაციო უზრუნველყოფის მხრივ.“ - წერს არჩვაძე.