შოთა ბერეკაშვილი საპარლამენტო კომისიის მუშაობაზე: ჩვენ არ ვეძებდით დამნაშავეს, ჩვენ ვეძებდით პრობლემას

ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილი

"ჩვენი დავალება იყო ძირითადი პრობლემების იდენტიფიცირება, კომისიის მიდგომა იყო პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების დასახვა," - ამის შესახებ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე იყო, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.

მისივე განცხადებით, კომისია ეძებდა არა დამნაშავეს, არამედ პრობლემას.

"პრობლემები რამდენიმე მიმართულებით გამოიკვეთა და ეს დასკვნაში აღწერილია. ამ პერიოდში 80-ზე მეტ კომპანიას შევხვდით, შევისწავლეთ აღნიშნული კომპანიების ბიზნესმოდელები, კომერციული ურთიერთობები, ფინანსური სტაბილურობა.

დაისვა ორი შეკითხვა: არის თუ არა სექტორში კონკურენცია და მეორე - რა პრობლემები არსებობს? გამოიკვეთა, რომ კონკურენციის დონე ჰორიზონტალურ ნაწილში არ არის მაღალი კონცენტრაციის, რადგან დაახლოებით 44% უჭირავთ ორგანიზებულ ქსელებს, დანარჩენი - ბაზრობებს, მცირე მაღაზიებს, სხვადასხვა ტიპის მცირე სავაჭრო წერტილებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია ჰორიზონტალურ ნაწილში ჯანსაღია, თუმცა ურთიერთობებში არსებობს ასიმეტრია, ვერტიკალში არის პრობლემა და ეს ქმნის დამატებით ხარჯებს. საერთო ჯამში მოგების მარჟები სექტორში არის სტანდარტული, თუმცა ხარჯის ნაწილში საოპერაციო მოდელი არის არაეფექტური", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.