შალვა პაპუაშვილი: პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ 10 მილიარდიანი სარჩელი შეაქვს BBC-ის წინააღმდეგ. ჩვენც ვმუშაობთ ამ სარჩელზე და რა თქმა უნდა, ჩვენც იგივე გზას მივმართავთ

შალვა პაპუაშვილი

პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ 10 მილიარდიანი სარჩელი შეაქვს BBC-ის წინააღმდეგ. ჩვენც ვმუშაობთ ამ სარჩელზე და რა თქმა უნდა, ჩვენც იგივე გზას მივმართავთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, იურისტები უკვე მუშაობენ სარჩელზე BBC-ის წინააღმდეგ.

„კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ის ზღაპარი, რომელსაც ჩვენ გვიყვებიან მედია-სტანდარტებზე, რომელიც თითქოს არსებობს ზოგიერთ ქვეყნებში და რასაც ჩვენ პირიქით ვხედავდით ბევრ მაგალითზე, რომ არის აბსოლუტურად ერთი ხელით მართული პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ერთი კონგლომერაციული გაერთიანებებით იმართება, ეს კიდევ ერთხელ დასტურდება და ამყარებს მათ შორის ჩვენს პრეტენზიას BBC-ის წინააღმდეგ.

თუ არ ვცდები, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ 10 მილიარდიანი სარჩელი შეაქვს BBC-ის წინააღმდეგ. იცით, რომ ჩვენც ვმუშაობთ ამ სარჩელზე და რა თქმა უნდა, ჩვენც იგივე გზას მივმართავთ. იცით, რომ არის შესაძლებლობა მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრების. და ყველა სამართლებრივ მექანიზმს იმისთვის, რომ ვამხილოთ BBC-ის ფალსიფიკაცია, ჩვენ გამოვიყენებთ.

დასტურდება ამ გარემოებებით და მათ შორის ტრამპის საქმე ზუსტად ამის დასტურია, რომ ეს იყო ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა BBC. იურისტები მუშაობენ, ვამზადებთ სარჩელს. ამას სჭირდება მომზადება, მათ შორის სავარაუდოდ, საჭირო იქნება ადგილობრივი, ვგულისხმობ ბრიტანული იურიდიული დახმარების გამოყენებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

BBC-ის ფილმში საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.