შალვა პაპუაშვილი: იმ ცალკეულ ინციდენტებს, რომლებიც აქციებზე ვიხილეთ, სახელმწიფო სათანადოდ გამოიძიებს. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს მიდგომა, რომ კანონის უზენაესობა ყველას მიმართ უნდა მოქმედებდეს. შესაბამისად, ამის შედეგებიც ვნახეთ

შალვა პაპუაშვილი

იმ ცალკეულ ინციდენტებს, რომლებიც აქციებზე ვიხილეთ, სახელმწიფო სათანადოდ გამოიძიებს. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს მიდგომა, რომ კანონის უზენაესობა ყველას მიმართ უნდა მოქმედებდეს. შესაბამისად, ამის შედეგებიც ვნახეთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რას უპასუხებს ოპონენტების კრიტიკას, რომ თუ იყვნენ იდენტიფიცირებულები აქციაზე მოძალადე სამართალდამცველები, აქამდე რატომ არ დააკავეს და რატომ ელოდებოდნენ ჟურნალისტურ გამოძიებას.

მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობდა და იმ მომენტში, როდესაც პროკურატურამ ჩათვალა, რომ მის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მყარია, გადადგა შესაბამისი ნაბიჯები.

„გამოძიება მიდიოდა, პროკურატურა საუბრობდა იმ სირთულეებზე, რომელიც ამ გამოძიებაში იყო. რა მომენტშიც პროკურატურამ ჩათვალა, რომ მყარი იყო საკუთარ მტკიცებულებებში შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ გამოვლენილიყო ისინი, ვინც უფლებამოსილების გადამეტებით მოქმედებდნენ.

ამავე დროს, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რასთან გვქონდა საქმე. ძირითადად, ეს ეხება 2024 წლის დეკემბერში მომხდარ ფაქტებს და ჩვენ უნდა გავიხსენოთ უპირველეს ყოვლისა რა გარემოება იყო. გარემოება იყო, რომ საქართველოში დაგეგმეს და დაიწყეს „მაიდნის“ განხორციელება. თქვენ გახსოვთ, რომ საქართველოში ჩამოვიდა ევროკავშირის 7 წევრი ქვეყნის პარლამენტის წევრები, რომელთაგანაც გვესმოდა ჩვენ პირდაპირი მოწოდებები ხელისუფლების წინააღმდეგ. შვედეთის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ გახსოვთ, რომ პირდაპირ „მაიდნისკენ“ მოუწოდა აგრესიულ ოპოზიციას.

ჩვენ ვნახეთ თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე, მცდელობა პარლამენტის გადაწვისა, ძალადობა, პოლიციელებზე თავდასხმა. იცით, რომ რამდენიმე პირი პასუხისგებაში არის მიცემული იმისთვის, რომ აზიანებდა ადამიანებს მოლოტოვის კოქტეილით. ცოცხლად დაწვა უნდოდა პოლიციელების. ამ პირობებში უწევდათ პოლიციელებს ჩვენი ქვეყნის დაცვა.

მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავხადო თითოეულ პოლიციელს, რომლებიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“, ძალადობისგან და თავდასხმებისგან, რომელიც სრულად გარედან იყო ორგანიზებული, წაქეზებული. ამავე დროს რა თქმა უნდა ქვეყნის დაცვა გულისხმობს ასევე უმაღლეს პასუხისმგებლობას და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება.

ამ მხრივაც ის ცალკეული ინციდენტები, რომელიც მაშინ ჩვენ ვიხილეთ, ყველა ამ ინციდენტს სახელმწიფო სათანადოდ მიჰყვება და გამოიკვლევს და გამოავლენს, რაც მოხდა კიდევაც.

ეს არის მიდგომა ჩვენი სახელმწიფოსი, რომ კანონის უზენაესობა უნდა მოქმედებდეს ყველას მიმართ, შესაბამისად ვნახეთ ამის შედეგებიც“, - განაცადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირი დააკავა.