მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
1783877073
დადასტურებულად ვიცით, მათ შორის ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან, რომლებმაც სხვადასხვა ფორმატში ღიად ისაუბრეს, რომ 2024 წლის არჩევნების მეორე დღეს, როდესაც სადამკვირვებლო მისიას პირველადი ანგარიშები უნდა გამოექვეყნებინა, თათბირზე, სადაც მონაწილეობდნენ ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიებიც, იყო პირდაპირი ზეწოლა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიაზე, რომ საკუთარი დასკვნები გაეყალბებინა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
კითხვაზე, ვისი მხრიდან იყო ზეწოლა, პაპუაშვილმა უპასუხა: „ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებისგან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიას ხელმძღვანელობდა ბულაი, რომელიც არის „ალდეს“ წევრი, ტერორისტი „ლელო“ რომ ჰყავთ წევრად და რომელიც ანტიქართული განწყობებით გამოირჩევა. აღარაფერს ვამბობ ევროპარლამენტზე, მათი განწყობები გასაგებია“.
პაპუაშვილის აზრით, საჭიროა, მოიძებნოს მექანიზმი, რათა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება 2024 წელს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლის თაობაზე.
„საჭიროა ფიქრი, რომ მოიძებნოს მექანიზმი, რათა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება 2024 წელს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლის თაობაზე, როდესაც ცდილობდნენ, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია ეიძულებინათ, გაეყალბებინა საკუთარი ანგარიში. ამაში ჩართული იყო ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია. არ ვიცი, რა მექანიზმი შეიძლება არსებობდეს, თუმცა საჭიროა დაფიქრება, რომ ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება. საერთაშორისო სახის დანაშაულია, როდესაც სხვა ქვეყნის არჩევნებში, სუვერენიტეტში ხდება ჩარევა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიაზე ზეწოლა. ეს არის ფაქტი და ამაზე თავად სადამკვირვებლო მისიის წევრებს სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის ჩემი თანდასწრებით არაერთხელ უსაუბრიათ„, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება საკითხს, აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“ 2028 წლის არჩევნებზე მოიწვიოს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციამ გააჩინა კითხვები, რამდენად იქნება მომავალში ეუთო-ს მისია მდგრადი, მტკიცე ამგვარი ზეწოლის წინააღმდეგ.
„ფაქტია, 2024 წელს იყო ზეწოლა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიაზე, რათა მათ გაეყალბებინათ ანგარიში. ზეწოლას იმ მომენტში შედეგი არ ჰქონდა და ვერ გაიტანეს. ახლა, როდესაც ვუყურებთ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, გვიჩნდება კითხვა, რამდენად იქნება მომავალში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია მდგრადი, მტკიცე ამგვარი ზეწოლის წინააღმდეგ. ჩვენ ამ რეზოლუციამ შეგვირყია რწმენა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რომელიმე მისია იქნება მტკიცე ზეწოლის წინაშე. ჯერ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა დაარწმუნოს ქართველი ხალხი, რომ ისევ გაუძლებლებს ევროსაბჭოს თუ სხვათა ზეწოლას, როგორც ამას გაუძლო 2024 წელს. გამოდის, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ამ რეზოლუციით შეარყია ქართველი ხალხის ნდობა მის მიუკერძოებლობაში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, 2028 წლამდე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ აღადგინოს ქართველი ხალხის თვალში ნდობა, ჩვენ გვჯეროდეს, რომ გაუძლებენ არაკეთილმოსურნეების ზეწოლას, არ გააყალბებენ საკუთარ ანგარიშს. 2024 წლის არჩევნების მეორე დღეს ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია შეკეტილ ოთახში ზეწოლას ახდენდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიაზე. პირდაპირ თხოვდნენ, გაეყალბებინათ მათი ანგარიში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, სად იყვნენ ჩაკეტილები?, პაპუაშვილმა უპასუხა: „ერთ-ერთ სასტუმროში“.