შალვა კერესელიძე: სააკაშვილის ჩამოყვანით, „ოცნებამ“ 2021 წელს საკმაოდ მაღალი პროცენტის მიღება შეძლო, „ოცნების“ ადგილზე, ამ პატივისცემას დავუფასებდი, უფლებას დავრთავდი, აქცია რიყის პარკში ჩაეტარებინათ

შალვა კერესელიძე

ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შალვა კერესელიძე აცხადებს, რომ მის პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები არ აინტერესებს, რადგან „გახარია საქართველოსთვის“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯნული პარტიაა და საკუთარი გეგმები აქვს.

კერესელიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანით, „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წლის არჩევნებში მაღალი პროცენტის მიღება შეძლო და „ოცნების“ ადგილას, „ნაციონალურ მოძრაობას“ „ამ პატივისცემას დაუფასებდა“.

„ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯნული პარტია ვართ. ამიტომ, რა აქციას, შეხვედრას, რა შეკრებას ჩაატარებენ, ნაკლებად გვაინტერესებს. მათ საქმეში არ ვერევით, ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს. „ოცნების“ ადგილზე მათ უფლებას დავრთავდი, აქცია რიყის პარკში ჩაეტარებინათ, რადგან 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნების დროს საქართველოში მიშა სააკაშვილი როცა ჩამოიყვანეს, მისი ჩამოყვანით „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში საკმაოდ მაღალი პროცენტის მიღება შეძლო – იმაზე მეტის, ვიდრე მას ეკუთვნოდა. ამაში პირადად სააკაშვილს მიუძღვის დიდი წვლილი. აქედან გამომდინარე, „ოცნების“ ადგილზე რომ ვიყო, ამ პატივისცემას დავუფასებდი“, – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს აქციას გამართავს.

✕