საქართველო კვლავ რჩება დასავლურ ორბიტაზე, მისი კარი ღიაა, ის ერთგულია 30 წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის მის მეგობრებთან და მზადაა ახალი ფურცლის გადასაშლელად - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

საქართველო კვლავ რჩება დასავლურ ორბიტაზე, მისი კარი ღიაა, ერთგულია მეგობრებთან 30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის და მზად არის ახალი ფურცლის გადასაშლელად, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, არჩევნებიდან ექვსი თვის თავზე „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას გამარჯვების რწმენა დაუბრუნა.

„მან არამხოლოდ თავის ამომრჩეველს, არამედ ოპოზიციურ ელექტორატსაც კარგად
დაანახა, რომ:
„ქართული ოცნება“ ემსახურება მხოლოდ საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს;
უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსება ემსახურებოდა უცხოეთის ინტერესებსა და მათ დღის წესრიგს;
ომის საშიშროება რეალურია და ომის მსურველთა გეგმაზე მორევა ამერიკის პრეზიდენტის ნებასაც კი უჭირს;
ქართული ოპოზიცია მიბმულია გარედან მიღებულ ინსტრუქციებს და ხალხის ლეგიტიმაცია მათთვის არაფერია;
ქვეყანაში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების გარანტი მხოლოდ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება – „ქართული ოცნებაა“.
შეცვლილი საერთაშორისო ვითარების კვალდაკვალ, ხელისუფლებამ ოპონენტი პარტნიორები აიძულა, რომ მისი სამართლიანი, კანონიერი და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული მოთხოვნებისთვის ანგარიში გაეწია. დაიწყო შეხვედრები, გამოჩნდა დიალოგის ნიშნები, დაიძრა ურთიერთობები, ხოლო მტრულად განწყობილი გარე ჯგუფების მხრიდან საქართველოს იზოლაციის მცდელობა და სანქციებით დაშინებამ შედეგი ვერ გამოიღო.
საქართველო კვლავ რჩება დასავლურ ორბიტაზე, მისი კარი ღიაა, ის ერთგულია 30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის მის მეგობრებთან და მზადაა ახალი ფურცლის გადასაშლელად“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.

მისივე თქმით, საბოლოოდ მიღწეული მონაპოვრის განმტკიცება და გამარჯვება შემოდგომაზე გასამართ არჩევნებზე მოხდება.

„მნიშვნელოვანია, უცხო გავლენების მატარებელი ადამიანებით დაკომპლექტებულ პარტიებს საზოგადოებამ სათანადო განაჩენი გამოუტანოს და თავისი ხმა არგუნოს იმ პარტიებს, რომლებიც ქართული ეროვნული ინტერესების სათანადოდ მოქმედებენ. პარტიებს შორის განსხვავებები სახელმწიფოს შიგნით მიმდინარე თემებს უნდა ასახავდეს და მათი დღის წესრიგი უცხოეთის გავლენას არ უნდა ატარებდეს. ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები დამოუკიდებლობის განმტკიცების ამ გზას დიდ წერტილს დაუსვამს“, - წერს შალვა პაპუაშვილი.