საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს 10 წლის თავზე იმისათვის, რომ ვუპასუხოთ საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მივეხმაროთ ქართულ ბიზნესს წარმატებაში - ირაკლი გაბრიაძე

ირაკლი გაბრიაძე:

კორპორაცია ინარჩუნებს ყველა იმ მხარდაჭერის მექანიზმს, რომლითაც ისარგებლა ათეულობით ათასმა ადამიანმა. ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, საკრედიტო საგარანტიო სქემა, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის მექანიზმები, მაკროსესხები, ექსპორტის მხარდაჭერის მექანიზმები და ა.შ., - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი გაბრიაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამები კარგად არის ცნობილი მეწარმეებისთვის.

„იზრდება და ფართოვდება კორპორაციის მანდატი და პირველი გაფართოება გამოიხატება ინსტიტუციური მიდგომების და პროგრამების გაფართოებაში. ჩვენ ვგეგმავთ, რომ კორპორაცია დაიწყებს სესხების გაცემას, კორპორაცია დაიწყებს პირდაპირ წილობრივ მონაწილეობას კომპანიებში, ჩვენ უახლოეს მომავალში დავიწყებთ ფონდებში ინვესტირებას, ხელს შევუწყობთ ფაქტორინგის პროდუქციის ჩამოყალიბებას და დანერგვას. ყველაფერი ეს გამოიწვევს ფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას.

საკმაოდ ამბიციური გეგმები გაქვს 10 წლის თავზე იმისათვის, რომ ვუპასუხოთ საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მივეხმაროთ ქართულ ბიზნესს წარმატებაში. ტრადიციული მექანიზმებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ 16 მილიარდ ლარზე მეტის ინვესტიციას შევუწყობთ ხელს. ახალი ინსტრუმენტებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას შევუწყობთ ხელს. ჯამური მიზანია, რომ დაახლოებით 40 მილიარდი ლარის დამატებით ინვესტიციას შევუწყოთ ხელი და წავახალისო მომდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში“, - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.

✕