1771274494
„როდესაც საზოგადოებას ვეუბნებით სიმართლეს და არ ვერიდებით ამას, როდესაც ევროპულ ბიუროკრატიას ვეუბნებით სად არის სიმართლე, კითხვები უჩნდებათ ჩვენს ოპონენტებს, როგორ ვბედავთ კითხვა დავუსვათ მმართველ ელიტას ევროპაში“ - ირაკლი კირცხალია
"როდესაც ეკონომიკურ პლუსებზეა საუბარი, სწორედ ეს იყო კოლექტიური "ნაცმოძრაობის" რელიგიურად ქცეული და ტაბუდადებული თემა - ამბობდნენ, რომ გაწევრიანების მეორე დღესვე გავიღვიძებთ ბრიუსელშიო. ეს იყო სიცრუე, რასაც ეუბნებოდნენ საზოგადოებას და ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ამას სჭირდება ნაბიჯ-ნაბიჯ გასავლელი გზა," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "დებატებში" განაცხადა.
"როდესაც პრაგმატულ, სამშვიდობო პოლიტიკაზეა საუბარი, ევროკავშირი იქნება თუ ნებისმიერი ეკონომიკური კავშირი, არცერთ ეკონომიკურ კავშირს არ სჭირდება, რომ მან მიიღოს წევრად ქვეყანა, რომელიც არ არის ეკონომიკურად მდგრადი და წელში გამართული. ნებისმიერ კავშირში უნდა იყო წელში გამართული და სწორედ ამას ვაკეთებთ ამ პრაგმატული პოლიტიკით.
სწორედ ეს პოლიტიკაა, როდესაც ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებით სიმართლეს და არ ვერიდებით ამას, როდესაც ჩვენ პროპაგანდას კი არ ვაწარმოებთ, ევროპულ ბიუროკრატიას ვეუბნებით რა არის სიმართლე, სად არის სიმართლე და ვეუბნებით, რომ ჩაიხედეთ თქვენივე შეკვეთილ და დაკვეთილ კვლევებსა და დასკვნებში, სად პოზიციონირებს თუნდაც ეკონომიკით თუ დემოკრატიული მიმართულებებით ჩვენი ქვეყანა. ამის შემდეგ, როდესაც ვისმენთ ასეთ რიტორიკას, კითხვები უჩნდებათ ჩვენს ოპონენტებს, თურმე როგორ ვბედავთ კითხვა დავუსვათ დღევანდელ მმართველ ელიტას ევროპაში," - აცხადებს ირაკლი კირცხალია.












