1778184177
როდესაც იყო პერსპექტივა ურთიერთობის გადატვირთვის, დიალოგის, თანამშრომლობის, ამის სრულიად საპირისპირო დინებით ცურავდა ხოლმე ევროპარლამენტი - ლევან მახაშვილი
"ჩვენთვის ევროპარლამენტის დოკუმენტებმა, ევროპარლამენტმაც, სამწუხაროდ საზოგადოებისთვისაც დაკარგა ფასი", - ამ განცხადებით პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშს ეხმაურება.
ლევან მახაშვილი ამბობს, რომ როდესაც იყო პერსპექტივა ურთიერთობის გადატვირთვის, დიალოგის, თანამშრომლობის, ევროპარლამენტი ამის სრულიად საპირისპიროდ მოქმედებდა.
'ეს დოკუმენტი, თავის დამატებებიანად, რომელმაც კიდევ უფრო მკვეთრად გააუარესა ეს საწყისი დოკუმენტი, რაც იყო შემუშავებული, სრულიად არის აცდენილი რეალობას. ძალიან კარგად ჩანს განსაკუთრებით ამ დღეებში, ამ კვირებში რეალურად ვინ არის დიალოგის ხელის შემშლელი. როდესაც იყო პერსპექტივა ურთიერთობის გადატვირთვის, დიალოგის, თანამშრომლობის, ამის სრულიად საპირისპირო დინებით ცურავდა ხოლმე ევროპარლამენტი და დღესაც იმავეს ვაკვირდებით. ამიტომ, ჩვენთვის ევროპარლამენტის დოკუმენტებმა, ევროპარლამენტმაც, სამწუხაროდ საზოგადოებისთვისაც დაკარგა ფასი. ერთი ხელით გვესმის ხმამაღალი მოწოდებები, რაც გვესმის ხოლმე დემოკრატიის დაცვაზე, მედიაპლურალიზმზე, მედია თავისუფლებაზე და მეორე ხელით, თავად თავისივე ოფიციალურ დოკუმენტებში ზღუდავენ მედიის თავისუფლებას," - აცხადებს ლევან მახაშვილი.












